საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება ქართულ-ებრაულ საწარმოში – „დელტა სიეიეი“-ში დაიწყება, რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა.
ნატო-ს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის, პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.
„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს.
აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ „დავატრენინგეთ“ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საწარმოში დამზადებული ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს.
მათივე განცხადებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის.
საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.