2020 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტით (29.6 ლარით) შემცირდა და 1 150.1 ლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების შემცირება შეინიშნებოდა სექტორების უმრავლესობაში. ამასთან, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 040.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 14.7 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 932.8 ლარი (გაიზარდა 7.0 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 786.9 ლარი (შემცირდა 6.0 პროცენტით); მშენებლობა – 1 621.4 ლარი (შემცირდა 8.5 პროცენტით).
რაც შეეხება ხელფასს გენდერულ ჭრილში, 2020 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 924.2 ლარით, ხოლო კაცების – 1 352.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 10.7 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირდა 67.4 ლარით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
