LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში Ryanair-ის შემოსვლაზე მოლაპარაკებები გრძელდება

ryanairrando

საქართველოში შემოსვლის საკითხზე ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თებერვალში შედგება. შეხვედრა ირლანდიური „ლოუკოსტერის” ანუ, Ryanair-ის სათაო ოფისში, ქალაქ დუბლინში გაიმართება.

„Ryanair-თან მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, რომ მეტი რეისი სრულდებოდეს საქართველოშო, არა მარტო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან, არამედ ზოგადად. ჩვენი ქვეყანა ატარებს ე.წ ღია ცის პოლიტიკას, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპის მიმართულებით არ არის შეზღუდვა, ავიაკომპანიების შემოსვლის და მათთვის ნებართვების გაცემის ნაწილში”, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქუთაისის აეროპორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია, ქუთაისის აეროპორტი ე.წ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბი იყოს არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონის მასშტაბით.

შეგახსენებთ, ის რომ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით კვლავაც დაინტერესებულია, გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი. აღნიშნულის შესახებ ირლანდიური ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოლირი Forbes Georgia-ს ესაუბრა.

ოლირი ამბობდა, რომ თუკი ქართული აეროპორტებიდან წამახალისებელ შეთავაზებას მიიღებს, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება. საწყის ეტაპზე Ryanair-ი საქართველოსთვის ევროპის მიმართულებით ფრენების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის ასახელებს პოლონეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებებს. რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებს, მაიკლ ოლირი Forbes Georgia-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ Ryanair-ი მზად არის იფრინოს ქვეყნის იმ აეროპორტიდან (ქუთაისი თუ თბილისი), რომელიც მეტ შეღავათს შესთავაზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები