საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ სახელმძღვანელო – „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა“ დაამტკიცა.
სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ექსპერტებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის მთავრობის ერთობლივი პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში შეიმუშავეს.
დოკუმენტი განსაზღვრავს ეროვნულ დონეზე აღსადგენი სახეობების ნუსხას და ამ სახეობებისთვის საკონსერვაციო გეგმების შემუშავების წესებს, მეთოდებს, რეკომენდაციებსა და ვალდებულებას. ნუსხით გათვალისწინებული სახეობების აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება ეტაპობრივად, ამ სახეობების აღდგენის ცალკეული გეგმის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე წარმატებით ხორციელდება ხუთი პრიორიტეტული სახეობის – ქურციკის, ნაკადულის კალმახის, გნოლის, კაკბისა და ხოხბის პოპულაციების აღდგენის ღონისძიებები. სამომავლოდ დაგეგმილია პროგრამის გაფართოება და დოკუმენტით შემოთავაზებულია დამატებით 61 სახეობის აღდგენა.
ასევე, უახლოეს მომავალში განხორციელდება წითელი ნუსხით დაცული ირმის აღდგენის ღონისძიებები.