პლასტიკატის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა ზესტაფონში უკვე დასრულდა და ოფიციალური გახსნისთვის ემზადება. საწარმო, სადაც პლასტიკატის გარდა, ახალ პროდუქტს – არაჰალოგენურ კაბელებს აწარმოებენ, კომპანია ”საქკაბელმა” სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ააშენა.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა გოდერძი მამალაძემ განუცხადა, ქარხანა 30 სექტემბერს გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
”უკვე ორი კვირაა ჩვენი წარმოებული არაჰალოგენური კაბელები სარეალიზაციო ქსელში ჩავუშვით. მოთხოვნა ბუნებრივია არსებობს, რადგან დღეისათვის ნებისმიერი სასტუმროს, თუ სავაჭრო ცენტრის მშენებლობისას, სწორედ ეს კაბელები გამოიყენება. ამასთან, არაჰალოგენური კაბელები ევროპაში ძალიან პოპულარულია და ვფიქრობთ, ქართულ ბაზარზეც შესაბამისი მოთხოვნა იქნება”, – აღნიშნა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.
მისივე ინფორმაციით, ”საქკაბელი” ევროპული ბაზრისთვისაც ემზადება. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ევროპულ კომპანიასთან, რომელიც ”საქკაბელის” მიერ წარმოებული პროდუქციითაა დაინტერესებული.
ცნობისთვის, ”საქკაბელის” ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სპილენძისა და ალუმინის საკაბელო პროდუქციის წარმოება. 2006 წლის ოქტომბრიდან ქარხნის მართვა ჩაიბარა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ. კომპანია Sket-თან თანამშრომლობის შედეგად მოხდა წარმოების გადაიარაღება, ასევე დამონტაჟდა ახალი ტიპის დანადგარები, დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესი, რამაც გამოშვებული პროდუქციის ასორტიმენტი და მოცულობა გაზარდა. ამ ეტაპზე კომპანია 2 ათასზე მეტი დასახელების კაბელს აწარმოებს.