საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალი Mice Review საქართველოს რეგიონულ ლიდერად ასახელებს.
ჟურნალის მთავარი რედაქტორი კავაი ლოჰი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოწვევით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში Mice Review-ის მთავარმა რედაქტორმა ინსპექტირების მიზნით საქართველოში არსებული მაღალი კლასის სასტუმროები და კვების ობიექტები დაათვალიერა, რომელთაც გამოცდილება და პოტენციალი აქვთ საქმიანი ტურიზმის ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლონ. (კონფერენციები, კონგრესები, ბიზნეს შეხვედრები.)
ინსპექტირების შემდეგ Mice Review-მა საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ სტატია მოამზადა სახელწოდებით „შეხვედრა კავკასიონის მთების ქვეშ“.
„საქართველო კავკასიის ქვეყანაა, რომელიც საქმიანი ტურიზმის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად ყალიბდება. 2016 წელს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საკონვენციო და საგამოფენო ბიურო შექმნა, რომელიც საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს. 2018 წლის ბოლოს საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციამ რეიტინგში (ICCA) საქართველოს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი მიანიჭა. საქართველოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს, შთამბეჭდავი კავკასიონის მთები მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მთებით გარშემორტყმული სტეფანწმინდა კონფერენციების ჩასატარებლად საოცარი ადგილია. ღონისძიების ორგანიზატორებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ ღვინის რეგიონი კახეთი, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ მსოფლიოში ღვინის დამზადების უძველესი მეთოდები შეისწავლონ. იმ შემთხვევაში თუ ღონისძიების ორგანიზატორებს შორს წასვლა არ სურთ შეხვედრების გასამართად თბილისი საკმაოდ ხელსაყრელი ადგილია. საქართველოს დედაქალაქი მდიდარია ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, ასევე თანამედროვე ნაგებობებითა და ღონისძიების გასამართი ადგილებით.
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში ბევრი სასტურო აშენდა, სადაც შესაძლებელია ღონისძიების ჩატარება და დელეგატების მიღება. განთავსების ობიექტები თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სისუფთავით გამორჩეულია.
საქართველო სტაბილური და დაცული ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ღონისძიებებს უმასპინძლოს. თბილისში დღისით და ღამით სეირნობა უსაფრთხოა.
იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს მთავარი ქალაქების მიმართულებით საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება ეს ქვეყანა საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო მიმართულებად გადაიქცევა,“-წერს Mice Review -ს ჟურნალისტი.
„საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის ასამაღლებლად და ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, ჩვენ ვმართავთ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებს სხვადასხვა მიზნობრივ ბაზრებზე,“ – ამბობს საგამოფენო და საკონვენციო ბიუროს თანამშრომელი ქეთევან მამარდაშვილი Mice Review -სთან ინტერვიუში.