კომპანია „საქნახშირის“ წარმომადგენლებს პირადად შევხვდი და მათგან მოვისმინე ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულში, მინდელის შახტაში ვითარების გაცნობისას განაცხადა.
„ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა. კომპანიის წარმომადგენლებთან მქონდა დეტალური საუბარი. მათ ამიხსნეს, თუ რა მოხდა თვითონ შახტაში. გამოძიება უკვე დაწყებულია. სპეციალისტების თქმით, ეს იყო სამთო დარტყმა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეულ ადგილას ჩამოიშალა ქანები, რამაც გამოიწვია ჰაერის ტალღა, რასაც მოჰყვა ეს უბედური შემთხვევა“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, ტყიბულში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე ეცნობიან.
ტყიბულში, მინდელის შახტაში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.