გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუქტების („ბორჯომი“, „ხვანჭკარა“, „თუშური გუდა“, „ სულგუნი“ და სხვა) დაცვის ინსტიტუცია საქართველოში მრავალი წელია არსებობს, მაგრამ დღესაც საზოგადოების ნაწილისთვის უცნობი რჩება ამ განსაკუთრებული პროდუქტების მნიშვნელოვანი როლისა თუ სარგებლის შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში.
გეოგრაფიული აღნიშვნა და ადგილწარმოშობის დასახელება გამოიყენება იმ პროდუქტის მოსანიშნად, რომლის მახასიათებლები, ხარისხი თუ მაღალი რეპუტაცია განისაზღვრება მისი გეოგრაფიული წარმოშობით, კონკრეტულ არეალში არსებული კლიმატით, ნიადაგითა და სხვა ბუნებრივი პირობებით.
საქართველოს რეგიონებს ისეთ პროდუქტებთან დაკავშირებით, რომელთა უნიკალურობაც განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და ადგილზე მოყვანისა, თუ დამზადების თვითმყოფადი ტრადიციით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, დიდი პოტენციალი გააჩნია.
განსაკუთრებული თვისებების მატარებელი გეოგრაფიული აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები კონკურენტუნარიანი პროდუქტია, რომელსაც მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს და მათი ღირებულება 2,5-ჯერ აღემატება მსგავსი სახის სხვა პროდუქტის ფასს. ინტელექტუალური საკუთრების ეს ობიექტები ხელს უწყობს რეგიონული ბრენდების პოპულარიზაციას, ადგილობრივი საწარმოების შექმნას, აგროტურიზმის განვითარებას და ამ პროცესებში მკვიდრი მოსახლეობის ჩართვას.
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, საქპატენტი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. სოციალური ქსელით გავრცელდება სხვადასხვა სახის საინტერესო ცნობები და შემეცნებითი ხასიათის საინფორმაციო მასალა, რომელიც ასახავს და წარმოაჩენს საქპატენტში რეგისტრირებული ქართული გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების მნიშვნელობას.
საინფორმაციო მასალაზე (ტექსტებზე) იმუშავეს ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, ფოტომასალა კი ბადრი ვადაჭკორიასა და პაატა ვარდანაშვილს ეკუთვნით.