LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქპატენტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები სამართლებრივ დავას იწყებენ

178
საქპატენტი

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და სამართლებრივ დავას იწყებენ. როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, მათ ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. „საქპატენტის“ ყოფილი დასაქმებულების განცხადებას „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ:

„მაისის დასაწყისში, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ „საქპატენტში“ რეორგანიზაცია დასრულდა, რის შედეგადაც შემცირდა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია და უწყების დატოვება მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს მოუწიათ.

გათავისუფლებული სპეციალისტები ამბობენ, რომ რეორგანიზაციამდე და მას შემდეგ საქპატენტი სხვადასხვა ხერხებით დაატოვებინეს ადამიანებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში დიდი რესურსი ჩადო, როგორც სახელმწიფომ, ისე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) და ევროკავშირმა. მათი უმრავლესობა ფლობს მაგისტრის ხარისხს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი მრავალი კურსი, წარმოადგენდნენ საქართველოს, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ინტელექტუალურ საკუთრებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში, ხოლო საქპატენტს კი ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების პროცესში  წამყვანი როლი აქვს.

წლების განმავლობაში, საქპატენტი მოწინავე იყო კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით, ასევე მაღალი რეპუტაციით სარგებლობდა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

რეორგანიზაციის გზით მსგავსი კადრების გათავისუფლება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქპატენტის თავმჯდომარის მიერ გაცხადებულ რეორგანიზაციის მიზანს ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის შესახებ. რთული წარმოსადგენია მიღწეულ იქნას საქპატენტის მიერ დასახული მიზნები, როგორც ეფექტური მმართველობის, ისე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესში, როდესაც უწყებაში აღარ არიან კადრები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ ამ მიმართულებით.

საქპატენტიდან გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათთან თავმჯდომარეს არ ჰქონია კომუნიკაცია, არ აუხსნია მიზეზი და არ შეუთავაზებია თუნდაც დაბალი პოზიცია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ ფორმალურ კონკურსს, რომლის შედეგი წინასწარ მოსალოდნელი იყო და რის შემდეგაც მეილით შეატყობინეს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც მხოლოდ რამდენიმე მაღალკვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მოახერხა, მაშინ როდესაც სამსახურს ემატებიან არაკომპეტენტური კადრები, ფორმალურად ჩატარებული კონკურსების გზით. ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში მუშაობდნენ სოსო გიორგაძესთან ერთად იუსტიციის სამინისტროსა და თუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

გათავისუფლებული თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ საქპატენტის თავმჯდომარის ქმედებები მიზანმიმართულის შთაბეჭდილებას ტოვებს, კონკრეტული ადამიანების საქპატენტიდან ჩამოსაშორებლად. სწორედ ამიტომ, ისინი სამართლებრივ გზას მიმართავენ მათი დარღვეული უფლებებისა და ღირსების დასაცავად. მათ უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი 13 ადამიანი გათავისუფლდა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, „საქპატენტში“ მენეჯერული პოზიციების რაოდენობა მაღალი იყო და ოპტიმიზაციას მოითხოვდა.

„რეორგანიზაციის ფარგლებში, სამუშაო ძალის შემცირება შეეხო მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს და არც ერთი სხვა თანამშრომელი სამსახურიდან არ გათავისუფლებულა.

აქვე აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციამდე პერიოდში საქპატენტში იდენტურ პოზიციებზე დასაქმებული პირები, რომლებიც ერთმანეთის მსგავს სამუშაოს ასრულებდნენ, სრულიად დაუსაბუთებლად იღებდნენ განსხვავებულ სარგოს. რეორგანიზაციის შემდეგ ეს ნაკლოვანებაც აღმოიფხვრა და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც დაუსაბუთებლად იღებდა კოლეგებისგან განსხვავებულ ანაზღაურებას, ჯამში 57 თანამშრომელს, გაეზარდა ანაზღაურება და გაუტოლდა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული პირების სარგოს. საქპატენტის თანამშრომლებისათვის სახელფასო სარგოს გათანაბრება შესაძლებელი გახდა მათ შორის, რეორგანიზაციის ფარგლებში მენეჯერული პოზიციების შემცირების შედეგად დაზოგილი თანხებით.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქპატენტის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება თანამედროვე მსოფლიოში სწრაფად განვითარებად სამეცნიერო დარგებს. შესაბამისად, იდგა მოქნილი მმართველობითი მექანიზმის შექმნის საჭიროება, რომელიც გულისხმობს მცირე, მაგრამ კვალიფიციური და ეფექტიანი მენეჯმენტის არსებობას, რაც რეორგანიზაციის ერთერთი მთავარი მიზანი იყო.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ რეორგანიზაციის პროცესი სრული გამჭვირვალობითა და შრომითი კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით განხორციელდა. საზოგადოების მხრიდან ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მზად ვართ საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე“, – აცხადებენ „საქპატენტში“.

magti 5g