ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას სამედიცინო მითების შესახებ საინტერესო ინფორმაციას უზიარებს.
„ხშირად ვწერ ხოლმე სამედიცინო მითებზე და საბჭოთა მედიცინის გადმონაშთებზე და აი კიდევ რამდენიმე:
- სარეცხის საპნით დაბანა გამონაყრის დროს
არაერთი პაციენტი მეუბნება, რომ ამ მეთოდს იყენებს. არავითარი სამედიცინო მტკიცებულება სარეცხის საპნის სარგებლიანობაზე ინფექციური თუ არაინფექციური გამონაყრის დროს არ არსებობს. პირიქით, აშრობს და აღიზიანებს კანს. - ძმრიანი „ნასკები” სიცხის დროს
არც ამას მოაქვს სარგებელი, სამაგიეროდ ძმრის სუნი ისედაც სიცხით დატანჯულ ადამიანს ნერვებს უშლის და კანიც შეიძლება გააღიზიანოს. დროებით კანი შეიძლება კანი ადგილობრივად გააგრილოს, უბრალოდ სველი რომ არის იმიტომ. - ხაჭოს აუცილებლობა ორსულისთვის
ბევრ ორსულს ტანჯავენ ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დედამთილები:) ხაჭოს დაძალებით. არადა, თუ არ უყვარს ადამიანს ეს ხაჭო, რატომ უნდა ჭამოს? თუ მაინცდამაინც როგორც კალციუმის წყარო გვინდა, უამრავი სხვა საშუალება არსებობს, თუნდაც რძის სხვა პროდუქტები. - ადრეც ვწერდი და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი აღშფოთდა, ისევ გავიმეორებ, რომ „ზელიონკა” არ არის ცივილური მედიცინის ნაწილი და არავითარი სარგებელი არ აქვს. უმრავლესობა ისე იყენებს ან ურჩევს სხვას, რომ საერთოდ არ იაზრებს, რა აზრი აქვს მის გამოყენებას.
ისეთ მითებზე, როგორიცაა ანტონოვკა ვაშლი და ბროწეულის წვენი ჰემოგლობინის ასაწევად (დღეში 30-50 ცალი ბროწეული უნდა მიიღო, რომ რკინის დღე-ღამურ მოთხოვნილებას მიუახლოვდე); „ახალგათხოვილზე” წელზე შალის შემოხვევა, რომ ქალს წელი არ გაუცივდეს და სხვა უცნაურობები, ამაზე კომენტარიც არ ღირს“, – წერს მაია ბუწაშვილი.
