LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეკლამო SMS-ები თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება – კიდევ რას ითვალისწინებს ახალი კანონი

441
sms

სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გაიგზავნება. სიახლეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. ცვლილებების შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) აქვეყნებს.

მათი ცნობით, სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება)  დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

„პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ცვლილება 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის თანახმად 2024 წლის 1 ივნისიდან ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიების ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. ასეთ კომპანიებს შორისაა სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს.

კანონით ასევე განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიომონიტორინგის) წესი და პირობები, ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეომონიტორინგი), დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება, განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, გარდა ამისა, იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება.

magti 5g