LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარემონტო მასალა, რომელსაც სახლებში ვიყენებთ, მომწამვლელია

297

საღებავები, მეტალოპლასტმასი, ლამინატი, ბეტონი – სპეციალისტები საქართველოში მომწამვლელი სამშენებლო-სარემონტო მასალების არსებობაზე საუბრობენ. ქვეყანაში არ მოქმედებს არც ერთი უწყება, რომელიც ასეთი მასალების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კანცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიული საღებავებით, ან თუნდაც ლამინირებული ავეჯით.

“საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვა აბსოლუტურად იგნორირებულია. ვართ გინესის წიგნში შესატანი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი საცხოვრებელი ბინა არ არის შემოწმებული სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს იმ ევროკავშირში, სადაც თავქუდმოგლეჯილი უკანმოუხედავად მივრბივართ, სამშენებლო ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე წინასწარი შემოწმების გარეშე თავიანთი ქვეყნების საცხოვრებლებში ადამიანებს კი არა, შინაურ ცხოველებს, ფრინველებსა და პირუტყვს არ აცხოვრებენ”, – ამბობს ასოციაცია “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე” თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე.

smart

პრობლემას დიდწილად ისიც განაპირობებს, რომ საბაჟოზე შემოსული მასალების ეკოლოგიური უსაფრთხოება არ მოწმდება და არც კონტროლი მიმდინარეობს. მოქალაქეებს, რომლებიც ეკონომიის მიზნით იაფ სარემონტო მასალებს ყიდულობენ, საბოლოოდ შეიძლება ჯანმრთელობა ისე შეერყეთ, რომ ათასობით ლარით დაზარალდნენ. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ზედმეტი მაკონტროლებელი ორგანოები ბიზნესგარემოს დააზიანებს და მოხმარებელმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

“თავისუფალი ბაზარი ამ პრობლემას ვერ მოაწესრიგებს. ყველგან არის სახელმწიფო კონტროლი. სამწუხაროდ, ულტრალიბერალური პოლიტიკის განხორციელებამ ინსტიტუციურად დაანგრია ქვეყანა. აღარაფერი კონტროლდება. ყველა მასალა უნდა იყოს სერტიფიცირებული, შემოწმებული. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ინტუიციით ვენდობით რომელიმე ფირმას და რომელიღაცას არ ვენდობით”, – ამბობს პროფესორი ლადო ვარდოსანიძე.

ვინაიდან ტოტალური უკონტროლობაა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტებს შეიძლება დავუჯეროთ, რომლებიც ამბობენ, რომ სარემონტო მასალებთან ერთად, ყველა საშენი მასალა საშიშია, მათ შორის, ბეტონი, ცემეტი, არმარტურა…

“ეს კონტროლი აუცილებელია იმიტომ, რომ დღეს მსოფლიოში გარდაცვლილი ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული დაავადებებისაგან. ჩვენი ტრაგედია კი ის არის, რომ საქართველოში ასეთი საბედისწერო ნორმების დამუშავებაზე, დაკანონებაზე, მიღებაზე და გაკონტროლებაზე მუშაობა არც კი დაწყებულა.

Fotolia-38939382-X-c-r

სწორედ ამით არის გამოწვეული, რომ ვცხოვრობთ არა ეკოლოგიურად უსაფრთხო ბინებში, არამედ შეუმოწმებელი, ფალსიფიცირებული, ეკოლოგიურად დაბინძურებული სამშენებლო-სარემონტო მასალებიდან ამოფრქვეული მომწამლავი აირებითა და მომაკვდინებელი რადიოაქტიური გამოსხივებით გაჯერებული გაზის კამერებში”, – აცხადებს ანზორ საკანდელიძე და კიდევ ერთ რადიოაქტიურ ელემენტზე საუბრობს. ეს არის რადონი.

საკანდელიძე ამბობს, რომ ევროპაში რადონი ძალიან ბევრ შენობაში აღმოაჩინეს. იგი შეიძლება იყოს იმ მასალებში, რომლისგანაც ბეტონი მზადდება – ცემენტი, ქვიშა. ამ ნივთიერების რადიონუკლიდები განაპირობებენ რადიაციის დოზის ნახევარზე მეტს, რომელსაც უშუალოდ იღებს ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივი და ტექნოგენური რადიონეკლიდების სახით გარემოდან.

სპეციალურ ლიტერატურაში ვკითხულობთ: “ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას, რადონი ხელს უწყობს პროცესებს, რომლებიც ასტიმულირებს კიბოს დაავადების წარმოქმნას ფილტვებში. რადონის ბირთვისა და მისი შვილობილი იზოტოპების დაშლა ფილტვების ქსოვილებში იწვევს მიკროდამწვრობს, რადგანაც ყველა ენერგია ალფა-ნაწილაკებისა შთაინთქმება პრაქტიკულად დაშლის წერტილშივე. რადონის დასხივებით გამოწვეული კიბო, მეექვსე ადგილზეა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზებს შორის”.

საქართველოში, ბუნებრივია ეს ელემენტი შენობებში არავის აღმოუჩენია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც არავის შეუმოწმებია.

“ჩვენი ასოციაცია ხელისუფლებისგან კატეგორიულად ითხოვს, რომ სამშენებლო მასალებზე კონტროლი დაწესდეს. უწყებიდან უწყებაში დავრბივართ და შედეგს ვერ მივაღწიეთ. ადგილობრივია თუ იმპორტირებული, ნებისმიერ სამშენებლო მასალას შემოწმება სჭირდება. განსაკუთრებით რადონის რაოდენობა უნდა შემოწმდეს. სამწუხაროდ, ამ ნივთიერების ნორმაც არ არის დადგენილი, რის გამოც დასაშვებ ზღვარზე საუბარიც არ შეიძლება. ამ დროს კი სიცოცხლისთვის საშიშია, რადგან მასალაში რადონის მაღალი შემცველობა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის ტოლფასია”, – მიიჩნევს საკანდელიძე.

door-installation-hanging-repair

მომხმარებელს უნდა ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა, რომ სამშენებლო მასალის შეძენისას სერტიფიკატი მოითხოვოს, რასაც არავინ აკეთებს. აქვე დგება მეორე საკითხი, მომხმარებელი თუკი მოითხოვს სერტიფიკატს, მაინც არ ეცოდინება რამდენად მოდის შესაბამისობაში ის კონკრეტული დოკუმენტი შეძენილი მასალის რეალურ ხარისხთან.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ყველანაირი სარემონტო მასალა შემოდის – ცუდიც და კარგიც. მათგან ცუდი იაფია, კარგი – ძვირი. ყველა მასალას შესაბამისობის სერტიფიკატი ახლავს. კონკრეტულად, ცუდი ხარისხის სამშენებლო-სარემონტო მასალები რამდენად საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასეთი ინფორმაცია ირაკლი როსტომაშვილს არ აქვს.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ეს ყველაფერი უნდა შემოწმდეს. მარტო სამშენებლო მასალები კი არა, შეიძლება ბავშვის სათამაშოები შეიცავდეს ტოქსიკურ ნივთიერებებს. ეს საშიშროება ყოაელთვის არსებობს, რომ მასალა იყოს კანცეროგენური ან ტოქსიკური, მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი”, – აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.

დასკვნა, ერთია: არ მოწმდება და არც ვიცით, შეიძლება თუ არა ვიწამლებოდეთ სახლში, რომლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის უზარმაზარი თანხა და შრომა გვაქვს ჩადებული.

წყარო : “რეზონანსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g