სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დახურულ რეჟიმში ჩატარდა.
კერძოდ, სასამართლო დღეს განიხილავდა ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს, რომელთაგან ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
„სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები, შესაბამისად ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში.
ბრალდების მხარემ ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი. კერძოდ, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა“, – განაცხადა პროკურორმა.
ვიდეო: სოციალურ ქსელში ელისო კილაძის დაკავების კადრები ვრცელდება
ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
