ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა – მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ბრალდებული ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩოგბურთელს გაუუქმდა მანამდე დაწესებული აღკვეთის ღონისძიება – 100 ათას ლარიანი გირაო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბასილაშვილს თანხა, ერთი თვის ვადაში უკან უნდა დაუბრუნდეს.
განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა, სასამართლოზე არ გამოცხადებულა ნელი დოროყაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობდა.
დღევანდელ პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.
მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდნენ.
- პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
- სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედებოდა ბრალი.
ამავე თემაზე:
“ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე” – ნელი დოროყაშვილი
„რატომ მირტყამ?“ – ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ახალი აუდიო ჩანაწერი წარადგინა