LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმრო სანატორიუმის ნაცვლად – რაჭაში ახალი სასტუმრო აგვისტოდან გაიხსნება

410

რაჭაში, ამბროლაურის სანატორიუმის ნაცვლად ახალი სასტუმრო შენდება. სანატორიუმის შენობა პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსფარგლებში ბექა ბარსონიძემ  164 000 ლარად შეიძინა.

ყოფილ სანატორიუმში ახლა ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ფორტუნას“ ბექა ბარსონიძემ განუცხადა, სასტუმროდ ქცეული სანატორიუმი პირველ სტუმრებს აგვისტოში მიიღებს.

„ძალიან მალე, უკვე სარემონტო სამუშაოებზე გადავალთ. ჩვენ გვაქვს 3 წელი იმისთვის რომ სასტუმრო მოვაწყოთ, თუმცა ნაწილობრივ წელსვე გავიხსნებით, ამ სეზონზე 30 ადამიანის მიღებას შევძლებთ ერთდროულად“, – განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.

მისი თქმით, სასტუმროში დასვენებას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი შეძლებს. ნომრების ფასი 20 ლარიდან იწყება და 50 ლარამდე ადის.

სასტუმროში პირველ ეტაპზე მუდმივად, 10 ადამიანი დასაქმდება.

სანატორიუმის ტიპის 2 სართულიანი შენობა ფუნდამენტურად არ შეიცვლება, რადგან ის დაშლას არ ექვემდებარება და საკმაოდ მყარი შენობაა.

„ფასადს გარკვეულწილად შევცვლით. სასტუმროს 18 ნომერს, რომელსაც მდინარის მხარეს აქვს ხედი, თავისივე აივანები აქვს. ახლა გავდივარ კონსულტაციებს არქიტექტორებთან, როგორ მოვაწყოთ ეს აივნები ისე, რომ გარემოდან ამოვარდნილი არ იყოს“, – განაცხადა ბარსონიძემ „ფორტუნასთან“.

 

საინტერესო სიახლე ტურისტებისთვის

საქართველო ჰოსტელის ტიპის სასტუმროებით განებივრებული არ არის, რაზეც ხშირად უცხოელი ტურისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. რაჭაში, ახალი სასტუმრო ამ პრობლემას გადაჭრის. მასში 3 ნომერი 6 კაცისთვის იქნება განკუთვნილი.

აგვისტოდან სასტუმროში სულ 12 ნომერი ამოქმედდება. მათ შორისერთი ოთახი ჰოსტელის ტიპის იქნება.

სასტუმროში მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, 80 კაციანი სასადილო და ის აღჭურვილი იქნება ყველა ტიპის მომსახურებით.

„ნომრებში კი ყველანაირი კომფორტი იქნება: ცენტრალური გათბობით დაწყებული, კონდინციონერითა და ნომრის მომსახურებით დამთავრებული“,– განაცხდა ბარსონიძემ.

 

 

სასტუმროს სამომავლო პერსპექტივები:

მომავალში სასტუმრო უფრო მეტი კატეგორიის სტუმარს მიიზიდავს. როგორც ბექა ბარსონიძემ განაცხადა, სასტუმროს საკუთრებაში 1200 კვ.მ. მიწაც შედის, სადაც სამომავლოდ აუზისა და მარანის მოწყობა იგეგმება.

ეს უკვე მფლობელის სამომავლო გეგმებია.

როგორც “ფორტუნასთან” ბექა ბარსონიძემ განაცხადა, სასტუმროს ტერიტორიაზე 600 კვ.მ ფართობზე უძველესი მარანია განთავსებული. ეს კი სასტუმროდ ქცეულ სანატორიუმს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს და ღვინის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„დიდი პერსპექტივები აქვს სასტუმროს. ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი. ძირითად სამუშაოებს რომ მოვრჩებით ბასეინსაც მოვაწყობთ, მარანსაც და სხვა საინტერესო–გასართობ ადგილებსაც.

ჩვენ ერთმანეთთან შევახამებთ ძველსა და თანამედროვეს, არ დავკარგავთ ავთენტურობას და ამ კურორტულ ზონაში დასვენებისთვის საუკეთესო პირობებს შევქმნით. ასევე, ყველა დამსვენებელთან ინდივიდუალურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა ბარსონიძემ.

სანატორიუმის ყოფილი შენობა ბიზნესმენმა პირობითი აუქციონით შეიძინა. მეპატრონეს 3 წელი აქვს იმისთვის, რომ 30 ნომრიანი სასტუმროსრულად  აამოქმედოს და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოაწყოს.

ბარსონიძემ „ფორტუნასთან“ აღნიშნა, რომ სრულად ამოქმედების შემდეგ, სასტუმროს 32 ჩვეულებრივი, ხოლო 2 განსაკუთრებული– ლუქსის ტიპის ნომერი ექნება.

ასე, რომ ამბროლაურში დასვენება უკვე ძალიან მალე, მისაღებ ფასად, კომფორტულ ნომრებში იქნება შესაძლებელი.

 

თამთა უთურგაშვილი

magti 5g