2017 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,2 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,36 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5,5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა თევზეულზე (-0,8 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,8 პროცენტი). ამავე დროს, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-1,0 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა 1,9 პროცენტით, რამაც -0,06 პროცენტული პუნქტი შეიტანა თვიური ინფლაციის მაჩვენებელში. ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის ქვეჯგუფზე (-2,5 პროცენტი), ისე ფეხსაცმელზე (-0,9 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 6,5 პროცენტით, რაც 1,96 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17,3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8,5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6,5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,9 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,0 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 14,7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (19,7 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,0 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (5,0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 17,4 პროცენტით, რაც 1,13 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.
ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (37,6 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,7 პროცენტით, რაც 0,69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (19,8 პროცენტი), ასევე ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3 პროცენტი).