ჰაბლის ტელესკოპმა ასტრონომებს სატურნის ახალი ფოტოები მიაწოდა. გაზის გიგანტის უკანასკნელი ფოტოები 4 ივლისს არის გადაღებული, როდესაც „ბეჭდების მბრძანებელი“ დედამიწისგან 839 მილიონი მილით იყო დაშორებული. „ნასას“ მკვლევარის, ემი საიმონის განცხადებით, ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, თუ როგორ იცვლება პლანეტის ატმოსფერო სეზონის შესაბამისად.
ახალ სურათებზე ნათლად ჩანს ცვლილებები პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელიც დედამიწისკენაა მიმართული. სურათებზე სავარაუდოდ მზის სინათლისა და სითბოს მომატების შედეგად ატმოსფერული აირების ან ყინულის ნაწილაკების ცირკულირების ცვლილებებია ასახული. ატმოსფერულ-კლიმატური ცვლილებების შემჩნევა მეცნიერებს არ გასჭირვებიათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ თვალნათლივ დაინახეს ფერების ცვლილება. როგორც წესი, სატურნი თავისი ატმოსფერული შემადგენლობის წყალობით ყვითელ-ყავისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, თუმცა ახალ სურათებზე თვალნათლივ ჩანს ერთგვარი ლურჯი გარსი, რომელიც პლანეტას გარს აკრავს.
ჰაბლის ტელესკოპმა ფოტოები პროექტ „გარე პლანეტების ატმოსფერული მემკვიდრეობის“ ფარგლებში გადაიღო, რომელიც მიზნად ისახავს მზის სისტემის გაზის გიგანტების ევოლუციის პროცესისა და დღევანდელობის უკეთ შესწავლას.
ფოტოებზე თავად სატურნის გარდა მისი ორი თანაგზავრი, მიმასი და ენცელადიც ჩანან.