ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან 7-8 მარტს გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით, რომელიც წყლის ჭავლის მიუხედავად, მაინც განაგრძობდა პროტესტს, გავრცელებული ინფორმაციით, ნანა მალაშხიაა.
მისმა ვიდეომ არამარტო ქართული, არამედ უცხოური მედიის ყურადღება მიიპყრო და საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა.
ნანა მალაშხია მედიასთან კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„საუკუნეებს რომ გაუძლებს, ისეთი ფოტოა“. – წერენ ნანა მალაშხიას მეგობრები.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო.
თუმცა, სამდღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ უმრავლესობამ მისი მეორე მოსმენით ჩაგდება, ხოლო მეორე – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევა გადაწყვიტა.