თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს, რომელიც კლინიკის განცხადებით ადასტურებს, რომ წუხელ, გვიან ღამით, კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გაქცეულა და საავადმყოფო ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
ქალბატონის მიერ ხელმოწერილი ცნობა, კლინიკის გვერდზე გამოქვეყნდა. აქვე, ადმინისტრაციის მიერ განმარტებულია, რომ პაციენტში კორონაინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მას მიეცა რეკომენდაცია მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებაში გაეგრძელებინა, თუმცა ორსულმა უარი განაცხადა.
აღნიშნული პაციენტი გახლდათ ორსული, კოვიდინფიცირებული ქალი და ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 21 ოქტომბრიდან. მისი ორსულობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მიმდინარეობა იყო უსიმპტომო, ჩვენ პაციენტს მივეცით რეკომენდაცია, მკურნალობა კლინიკაში გაეგრძელებინა, რაზეც მან უარი განაცხადა.
ვინაიდან, პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და მას ჰქონდა თვითიზოლაციის პირობები, მისივე სურვილით და მისი ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნით, გაეწერა ხელწერილის საფუძველზე და მკურნალობას აგრძელებს ბინაზე” – წერია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.