„სითი მოლის“ დირექტორი ლევან მესხელი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრები არასდროს ყოფილა კორონავირუსის გავრცელების ცხელი წერტილი. როგორც მესხელი განმარტავს, მოლებმა მთავრობას თხოვნითაც მიმართეს, რომ თუ არსებობს რაიმე სტატისტიკური მონაცემი, რომ მოლები არის მოსახლეობისთვის ინფიცირების წყარო, წარმოადგინონ.
„ასეთ დროს შეიძლება ჩვენ თვითონაც აღარ მოვინდომოთ გავხსნათ ხომ? თუ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ნებისმიერი გადაწყვეტილება არის მცდარი და დიდი ალბათობით-გადაჭარბებული. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ წარმოგვიდგინონ მონაცემები“ – აცხადებს ლევან მესხელი.
მისივე თქმით, განიხილება სავაჭრო ცენტრების ხარჯით თანამშრომლების ტესტირება, თუმცა მოხდება თუ არა ამ პირობით მოლების გახსნა, უცნობია.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გახსნა 1 თებერვლამდე გადაიდო.
პრემიერ-მინისტრის დავალებით კი ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, გუშინ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.