ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ზურა ონაშვილმა “მთავართან” სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი წყალში არ შევიდოდა, რადგან მას წყლის შიში ჰქონდა. ბიძა მიიჩნევს, რომ ძალიან საეჭვოა ჩანთის დადების ეპიზოდიც.
“თავიდანვე, ეჭვი მეპარება, რომ გიორგიმ იქ ჩაირბინა და ჩანთა დადო. იმიტომ რომ ეგრე ჩანთა არ დაიდება იქ, თუ ვიღაცამ არ დადო. გაქცეული ბავშვი ჩხუბის დროს გარბის, მოსაკლავად მისდევენ და ჩანთა დადოს, ეგრე არ ხდება, ეგრე ლამაზად და კარგად, როგორც არის დადებული ის ჩანთა. მეორე შეკითხვა მაქვს, არ მჯერა გამოძიების, აქამდე უნდა დაედოთ დასკვნა, ელემენტარული, ერთი მაინც, თუ ყველას, რომელიმეს უნდა პროცედურა ათი დღე და შვიდი დღე და თხუთმეტი დღე. რაღაცას ხომ უნდა ხუთი დღე, აი იმ ხუთი დღის დასკვნა მაჩვენონ. ჩემი აზრით, ბავშვი არის ნაცემი და გადაგდებული წყალში.
თუ დნმ-ის ნიმუში დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა – შაქარაშვილის ბიძა
სავარაუდოდ, ვინც მისდევდნენ, ისინი დაეწივნენ, სცემეს და გადააგდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩანთა დევს ძალიან საეჭვოდ. წყალში, რამდენი ხანი იყო გაჩერებული? როდის ჩააგდეს წყალში? ხომ შეიძლება, ამის დადგენა, ხომ ადვილია. გიორგი წყალში არ შევიდოდა იმიტომ, რომ წყლის ძალიან ეშინოდა, – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ზურა ონაშვილი.
ვერსია, რომ ტოიოტას მარკის ავტომობილი შაქარაშვილს დაეჯახა, ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა: ადვოკატი
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვს წარდგენილი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
უწყება აცხადებს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ საქმეს შესაბამისი შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
უწყება არ გამორიცხავს, რომ დაკავებულ პირთა სია კიდევ გაიზარდოს, თუმცა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება.