“საზოგადოების სამსჯავრო უნდა იყოს, რამდენად უღირთ მათ საკუთარი გადასახადებიდან დააფინანსონ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ ემსახურონ საკუთარ ხალხს”,- ამის შესახებ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “დღის თემაში” “ქართული ოცნების” წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, უახლოეს წარსულშო იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პარტია არ შევიდა პარლამენტში, თუმცა დაფინანსებას იღებდა, რასაც საზოგადოება ცუდი რეაქცია მოჰყვა.
“თუ კი პარტიები უარს იტყვიან საკუთარ მანდატებზე, ანუ არ აღიარებენ იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც არსებობს და გავლენ ამ დემოკრატიული ველიდან, შესაბამისად ისინი არ მიიღებენ დემოკრატიული ქცევის წესებს, აქედან გამომდინარე, მათ არც უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ მიიღებენ მხოლოდ სარგებელს ამ წესებიდან ისე, რომ მათ პარლამენტში მუშაობის ვალდებულება არ ექნებათ.
ნებისმიერი უფლება გულისხმობს ვალდებულებას. როდესაც ადამიანი უარს ამბობს ვალდებულების შესრულებაზე და უნდა მხოლოდ უფლებები მიიღოს ან ის უპირატესობა, რომელსაც ეს მანდატი ანიჭებს, ეს არის მანდატის ბოროტად გამოყენება.
ჩვენ ვიცით ჩვენი უახლოესი წარსულიდან იყო შემთხვევები, როდესაც ერთ-ერთ პარტია არ შევიდა პარლამენტში, მაგრამ დაფინანსებას იღებდა და ჩვენი საზოგადოება ამას ცუდად აფასებდა. ამიტომ, ამის განხილვა უნდა მოხდეს საზოგადოებასთან ერთად. მნიშვნელოვან თანხებზეა საუბარი ეს არის ჩვენი გადასახადების გადამხდელების თანხა.
საზოგადოების სამსჯავრო უნდა იყოს ეს ყველაფერი. რამდენად უღირთ მათ საკუთარი გადასახადებიდან დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ ემსახურონ საკუთარ ხალხს”,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მაშინ ხალხის განწყობას დააკვირდებიან და ოპოზიციურ პარტიების დაფინანსებაზე შესაბამისად იმსჯელებენ.