პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. მისი თქმით, ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა და თავიდანვე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ გახსნების ეტაპებში არც ერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოგვიწევს ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში. ეს არის მთელს მსოფლიოში. გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე.
ადამიანებმა სწორად უნდა განსაზღვრონ უღირთ თუ არა ტრანსპორტში ჩაჯდომა - ხათუნა ზახაშვილი
"ვისაც შეუძლია გასავლელი მანძილი ფეხით დაფაროს, ჯობია ტრანსპორტი მათ დაუთმოს, ვისთვისაც ეს შეუძლებელია"
ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური. ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის იმის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება დაკავშირებული იქნება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიიღებენ.
