LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სებ-ი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს

105

კაპიტალის ბაზრის რეფორმის და ახალი საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომპანიების აქციებისა და ობლიგაციების ემისიის პროსპექტის წესის პროექტს აქვეყნებს.

აღნიშნული წესის მიზანია, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხის ამაღლება, არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათ მიერ მაქსიმალურად ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

იმისათვის, რომ კომპანიებმა შეძლონ საკუთარი აქციების, ან ობლიგაციების შეთავაზება ინვესტორთა ფართო წრისთვის, მოახდინონ ე.წ. საჯარო შეთავაზება, მათ უნდა შეადგინონ და ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცების შემდეგ, საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადონ ემისიის პროსპექტი. აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ინფორმაცია მიმდინარე და წინა პერიოდების ფინანსური მდგომარეობის შესახებ, შესათავაზებელი აქციების ან ობლიგაციების მახასიათებლები. გარდა ამისა, პროსპექტში აღწერილია კომპანიის ინდუსტრიასთან, მის საქმიანობასთან და შესათავაზებელ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული რისკები და კომპანიის ხედვა და მიდგომა ამ რისკების მართვის კუთხით. ეს დოკუმენტი საშუალებას აძლევს ინვესტორებს მიიღონ ინფორმირებული და გონივრული გადაწყვეტილება მოახდინონ თუ არა ინვესტირება კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფინანსურ ინსტრუმენტებში.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესის პროექტი ეფუძნება ევროკავშირის კანონმდებლობასა და IOSCO პრინციპებს და ადგენს იმ მინიმალურ სტანდარტებს პროსპექტის სტრუქტურისა და შინაარსის, წარდგენის, გამოქვეყნებისა და ცვლილებების შეტანის პროცესთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისა და მათი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ინვესტორების მაქსიმალურ ინფორმირებულობას.

პროსპექტის წესის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე – სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 31 ივლისიდან 27 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g