LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სელინ დიონი სცენაზე ბრუნდება – არტისტი კონცერტებს პარიზში გამართავს

177
download (1)

გავრცელებული ინფორმაციით, შემოდგომაზე, პარიზში, სელინ დიონი სოლო კონცერტების სერიით დაბრუნდება.

მომღერალი რეზიდენციის ტიპის კონცერტებს გამართავს, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე ლოკაციაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოსვლას.

კონცერტები, სავარაუდოდ, Paris La Défense Arena-ზე გაიმართება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი დახურული სივრცეა (ტევადობა – 40,000 ადამიანი).

სექტემბერსა და ოქტომბერში, დიონი კვირაში ორ კონცერტს ჩაატარებს. ასეთი გრაფიკი შერჩეულია იმისთვის, რომ მომღერალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დასვენების საშუალება ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი მედიასაშუალებები – Variety და Rolling Stone ამ ინფორმაციას ადასტურებენ, მომღერლის წარმომადგენლებს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

ინფორმაცია მომღერლის დაბრუნების შესახებ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 23 მარტს, პარიზის ქუჩებში, მათ შორის Café du Louvre-ის სიახლოვეს, მოულოდნელად განთავსდა 250-მდე სარეკლამო დაფა არტისტის ისეთი ჰიტების, როგორებიცაა: My Heart Will Go On, The Power of Love, Pour que tu m’aimes encore და სხვა სათაურებით.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში თავად სელინ დიონმაც გამოაქვეყნა პარიზში გადაღებული ფოტოების სერია იდუმალი მინაწერით – ,,არ ვიცი, როგორ გითხრა…’

ცნობისთვის, თუ დიონის ქამბექი დადასტურდა, მაშინ ეს მოჰყვება მის ემოციურ გამოსვლას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე, სადაც მან ეიფელის კოშკიდან ედიტ პიაფის Hymne à l’amour შეასრულა. 

ამასთან, ეს იქნება მისი პირველი სრულმასშტაბიანი გამოსვლები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მომღერალს „გაშეშებული ადამიანის სინდრომის“ (SPS) დიაგნოზი დაუსვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები