LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალური ძალადობა ბავშვებზე – რა იცვლება მსხვერპლისა და მოძალადისთვის

child-sexual-abuse

ბოლო პერიოდში საქართველოში, ბავშვებზე სექსუალური ძალადობის არა ერთი ფაქტი დაფიქსირდა. შსს-ში აღიარებენ, რომ ბავშვებზე სექსულაური ძალადობის სტატისტიკა მზარდია და უწყებაც გამოწვევის საპასუხოდ კანონს ამკაცრებს.

2018 წელს, შსს-მ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობაში ამხილა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი), 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში არიან მხილებულნი.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელი გამკაცრდება და მთელი რიგი უფლებები (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლება) ჩამოერთმევა, ასევე შეიქმნება სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული.

„ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

ბავშვთა უფლებადამცველი ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა თავხელიძე ფიქრობს, რომ კანონის გამკაცრება სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესზე, გავლენას ვერ მოახდენს.

მისი განცხადებით, ბავშვებისთვის მნიშვნელოავანია, გარემოსთან ადაპტირება.

„ყურადღება უნდა მიექცეს იმას თუ რა გარემოში ხდება ბავშვის გამოკითხვა. გამოკითხვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა ბავშვს ხელახალი ზიანი არ მიადგეს,“ – განაცხადა ანა თავხელიძემ.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე, ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიაჩნია, რომ ამ კუთხით, სახელმწიფოს აქტიურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ცნობიერების ამაღლებას, მხოლოდ ერთი უწყება, შსს ვერ მოახდენს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების და მეცნიერების სამინისტროს როლი. სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია, ფორმალური განათლების ნაწილშიც უნდა შევიდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში მასწავლებლებმა, სამედიცინო პერსონალმა და  მშობლებმა იცოდნენ, როგორ მოახდინონ ძალადობის იდენტიფიცირება და რაც მთავარია, თავად ბავშვებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რა არის მისაღები ქცევა და რა შემთხვევაში უნდა შეატყობინონ მათ მშობლებს, მასწავლებლებს თუ მათთვის სანდო პირებს, რომ მათ მიმართ რაღაც ისეთი ქმედება ხორციელდება, რაც მისაღები და სასურველი თავად ბავშვისთვის არ არის,“ – ამბობს ანა თავხელიძე.

მისივე განცხადებით არსებობს გარკვეული ნიშნები, რომლებიც მშობლებს გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის, რაზეც მათ რეაგირება უნდა მოახდინონ.

  • ბავშვის ქცევის მკვეთრი ცვლილება
  • ბავშვის აგრესიული განწყობა
  • მოულოდნელად გაბრაზება, გაღიზიანება, ჩაკეტილობა
  • კონკრეტულ ადამიანთან დარჩენის ან ზოგადად, მარტო დარჩენის შიში
  • პრობლემები ძილის დროს (კოშმარები ან შფოთვა ძილში)
  • კვებითი რეჟიმის დარღვევა

იურისტის თქმით, ზემოთ აღნიშნული ნიშნები არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სექსუალურ ძალადობასთან გვაქვს საქმე. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს რაღაც პრობლემები აქვს და მშობელმა ამის შესწავლა უნდა დაიწყოს.

მისივე შეფასებით, პრობლემების მოგვარება ფსიქოლოგის, შესაბამისი პირების და კომპეტენტური ორგანოების ჩართვით უნდა მოხდეს.

ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი „ფორტუნასთან“, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი სახის ძალადობა, არასრულწლოვანს მსხვერპლის როლში აგდებს, რაც მათთვის მატრავმირებელია.

„ხდება სხეულის საზღვრების გარღვევა, რაც დამატებით პრობლემას ქმნის და შემდგომში, როდესაც უკვე ეს ფაქტი მოხდა, ადამიანებს ზრდასრულ ასაკშიც კი, საკუთარი საზღვრების დაცვა ძალიან უჭირთ. როგორც კი ის მსგავს სიტუაციაში მოხვდება, ის შეიძლება ისევ პოტენციური მსხვერპლი აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს დიანა ნიკოლაშივილი.

ფსიქოთერაპევტი ძალადობის ფაქტის შემდეგ, მსხვერპლის ქცევაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ძალადობის ფაქტის შემდეგ, ადამიანის ქვეცნობიერი ცდილობს დაცვას. ერთის მხრივ, ეს არის სექსუალური ურთიერთობის აბსოლუტური უარყოფა სიძულვილამდე, მეორეს მხრივ, ეს შეიძლება ნიმფომანიაშიც კი გადავიდეს, ანუ შეიძლება მოჭარბებული ინტერესი გამოიწვიოს ამ ყველაფერთან დაკავშირებით,“ – აღნიშნავს ნიკოლაიშვილი.

სპეციალისტის განმარტებით, 11 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მასთან მშობლების მხრიდან, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაზე მიმართვიანობა არ შესულა. დიანა ნიკოლაიშვილის თქმით, მიმართვიანობა ძირითადად ისეთი პაციენტებისგანაა, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ.

„პრობლემის აღმოფხვრა ადრეულ ასაკში უკეთესია და მარტივიცაა, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. შესაძლებელია ამ ყველაფრის მოგვარება ზრდასრულ ასაკშიც, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემს პაციენტებს სინანულის განცდა აქვთ, ამდენი წლის განმავლობაში ამ ფაქტის ტყვეობაში ყოფნა რომ უწევდათ. ხშირია მშობლების მხრიდან უყურადღებობა და თვალის დახუჭვა სხვადასხვა ფაქტზე იმის გამო, რომ მათი სახელი არ შეიალხოს, რაც ასევე მიუღებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა მოახერხონ და წინასწარ მოამზადონ ბავშვი რისკების გათვლისთვის,“ – აცხადებს ფსიქოთერაპევტი.

მკვეთრი ხასიათის ცვლილება, ჩაკეტილობა ან პირიქით, ზედმეტი ემოციურობა, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, გემოვნების ცვლილება, როგორც საკვებთან მიმართებაში უარის თქმა, ასევე კვებითი ქცევის შეცვლა, მაგალითად, უმადობა ან საკვების ჭარბად  მიღება, – ეს იმ ნიშნების ჩამონათვალია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

ფსიქოთერაპევტი სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, მშობლის მხრიდან, ადეკვატურ რეაგირებაზეც საუბრობს.

„მთავარია, რომ მშობელსა და შვილს სანდო ურთიერთობა ჰქონდეთ, რათა მსგავს შემთხვევებში არასრულწლოვანს მშობლის იმედი ქონდეს. იმედი იმის, რომ ის არ გაიკიცხება. ძალადობის ფაქტი არ უნდა იყოს განხილული, როგორც სირცხვილი, პირიქით, დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი და ამის შესახებ ბავშვიც ინფორმირებული, რომ დამნაშავე დასჯილია და ის დაცულია. ამ შემთხვევაში უფრო მარტივად გამოვა ის მსხვერპლის როლიდან,“ – აღნიშნა დიანა ნიკოლაიშვილმა.

ფსიქოლოგ, ნანა ჩაჩუას განცხადებით, ნებისმიერი ძალადობა ბავშვისთვის განიხილება, როგორც მისი მიუღებლობა სამყაროს მიმართ.

ფსიქოლოგი, მშობლების მხრიდან მიმართვიანობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მიმართვიანობა ხშირი არ არის, მაგრამ ფსიქოლოგთან ვიზიტი, ადრეულ პერიოდში მიღებული ტრამვის ან ტრამვების შედეგად, არსებული პრობლემებით, პაციენტების მხრიდან ხშირად ხორციელდება.

„ძალიან ხშირად სექსუალური აქტის მიმართ რჩებათ შიშები. არის ისეთი მომენტები, როდესაც გარემოს მიმართ უჩნდებათ უნდობლობა და არის ისეთი მომეტებიც, როდესაც ძალადობის შედეგად, სექსუალური აქტის მიმართ ინდეფერენტულობა გამოიკვეთება,“ – აცხადებს ნანა ჩაჩუა.

მისივე თქმით, მოზარდების მიმართ განხორციელებული ძალადობა, სექსუალური აქტივობის მიმართ ან შინაგანად მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მიუღებლობას ტოვებს ან პირიქით, მათ უჩნდებათ მიზიდულობა, რაც ძალიან ხშირად პროსტიტუციის საფუძველი ხდება.

„არ უნდა მოხდეს ბავშვის დადანაშაულება  და ისეთი სახის გამოკითხვები, რომელიც მის მდგომარეობაზე უარყოფითად აიახება. მშობელმა მარტივ ენაზე, თუნდაც ცხოველების მაგალითზე უნდა აუხსნას ბავშვს, როგორ ხდება გამრავლება,“ – აცხადებს ჩაჩუა.

კითხვაზე, რა ასაკში არის მიზანშეწონილი ბავშვებთან ამ თემაზე საუბარი, ქალბატონი ნანა გვპასუხოს, რომ ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც მოზარდს კითხვა გაუჩნდება.

შსს მიმართავს საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომელთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ, როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.

mazda magti 5g