ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის 2025 წლის სექტემბრის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 7.05 ლარი იყო, რაც წლიურად 8.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ხაჭაპურის ინგრედიენტებიდან, ფასის მხრივ, წლიურ ჭრილში ყველაზე მკვეთრი ზრდა კარაქზე (+17.5%), ფქვილზე (+14.8%) და ყველზე (+9.4%) დაფიქსირდა, მას მოსდევს კვერცხი (+4.0%) და საფუარი (+3.3%). ერთადერთი ინგრედიენტი, რომელიც გაიაფდა, რძე იყო (-0.3%). ხაჭაპურის ინდექსი აჩვენებს, რომ წლიურ ჭრილში რძის ფასები უკვე მეოთხე თვეა მცირდება, რაც, სავარაუდოდ, 2025 წლის აპრილში მომხდარ „რძის სკანდალთანაა“ დაკავშირებული.
