ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი სამგზავრო რეისების შესრულებით ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Air China არის დაინტერესებული.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Air China ავიარეისების განხორციელებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან, თბილისსა და ურუმჩის შორის, კვირაში 3 სიხშირით განიხილავს. რეისების დასაწყებად ავიაკომპანიასთან კონსულტაციები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გეოგრაფიის გაფართოების მიმართულებით.
„ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩინელი ტურისტები, ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ და გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით. პირდაპირი ფრენების სიხშირეთა ზრდა ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, აგრეთვე ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს დამატებით სტიმულს მისცემს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines ასრულებს. გასული წლიდან ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ოპერირების სიხშირე და ამჟამად ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს. 2024 წლის 6 თვის მონაცემებით ავიაკომპანიამ China Southern Airlines საქართველოსა და ჩინეთს შორის 19 991 მგზავრი გადაიყვანა.