რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნებისმიერი საფრთხისთვის მზადაა და ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, საიმედოდ უზრუნველყოს რუსეთის ტერიტორიის უსაფრთხოება და ამასთანავე, უსაფრთხოება შავ ზღვაში. აღნიშნულის შესახებ ლავროვმა რომში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ლავროვის თქმით, რუსეთი ყოველთვის მომხრეა, ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და არა იმ პროექტებს, რომლებიც დაფუძნებულია კონფრონტაციაზე.
„ნატო-ს გეგმა, რუმინეთისა და ბულგარეთის შავი ზღვის სანაპიროზე შექმნას ახალი საზღვაო ბაზები, არ შეესაბამება რეგიონში კეთილმეზობლობის ინტერესებს. ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რას აპირებს ნატო.
ჩვენ ვეყრდნობით ფაქტებს და ფაქტები ისეთია, რომ ნატო-ს ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ სურს. როდესაც ჯერ კიდევ გვყავდა ჩვენი წარმომადგენლები და როდესაც რუსეთ-ნატოს საბჭო მუშაობდა, მას სურდა(ნატოს) მხოლოდ ცხოვრება ესწავლებინა ჩვენთვის და ყოველ ჯერზე მოითხოვდა: „მოდით, შევიკრიბოთ რუსეთ-ნატოს საბჭოში და განვიხილოთ უკრაინის საკითხი“. ეს იყო მთელი მათი ინტერესი – პროპაგანდის გაჩაღება და რუსეთზე ზეწოლა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.