„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, სამი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება არ იგეგმება და საუბარია მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე.
როგორც ჩიხლაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიები საკუთარ იდენტობას ინარჩუნებენ და ერთიანი სიის შექმნა არ იგეგმება.
„ერთიან სიაზე არავინ საუბრობს, არ ვიცი რატომ არის ეს ინფორმაცია დამახინჯებული. საუბარი არ არის ერთ პარტიად გარდაქმნაზე – ყველა ინარჩუნებს თავის იდენტობას. საუბარია პრორუსულ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლის ერთიან სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, რესურსების მობილიზებაზე, ქმედების კოორდინაციაზე, პარტიის გაუქმებას არავინ აპირებს. იგულისხმება ბრძოლის საერთო ფორმატი და არავითარ შემთხვევაში ერთი სიის, ერთი კანდიდატის ან ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმის შექმნა არ იგეგმება. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პარტია – სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ შესაძლო გაერთიანდეს, რასაც სამივე პარტიის ლიდერები უარყოფენ.