სურსათის უვნებლობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასთან და მის უფლებებთან მჭიდროდ დაკავშირებული თემაა, უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მათ შორის საქართველოში. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება (DCFTA) გააფორმა, საქართველოს ვალდებულება აქვს, საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოოს. სწორედ ამ პროცესმა მისცა სურსათის უვნებლობის სფეროს განვითარების ახალი იმპულსი და საფუძველი დაუდო, დაახლოებით, ერთი წლის წინ ისეთი პლატფორმის შექმნასაც, როგორიცაა სერთიფუდი. მისი მეშვეობით დარგის სპეციალისტი ორი მეგობარი რიგით მომხმარებლებს და ბიზნესოპერატორებს საყურადღებო ინფორმაციას უზიარებს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.

ანდრია კალანდია, სურსათის და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტი:
– სერთიფუდი არის პლატფორმა, რომელიც მიმართულია მომხმარებლისა და ბიზნესის ცნობიერების ამაღლებისკენ სურსათის უვნებლობის სფეროში. სოციალურ ქსელებში სერთიფუდის გვერდებზე თავსდება ვიდეორგოლები, რომლებშიც ვსაუბრობთ ამ სფეროში მნიშვნელოვანი კანონდარღვევების მაგალითებზე, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობებზე, ამასთან, ვაშუქებთ ბიზნესოპერატორისთვის ანუ სურსათის მწარმოებლისთვის საჭირო ინფორმაციას.
პლატფორმის შექმნის იდეა კარგმა მეგობრობამ წარმოშვა – მე და თორნიკე ვიყავით კურსელები, დღეს ვართ სასურსათო და ცხოველთა საკვების მეცნიერების მაგისტრები და უკვე წლებია, რაც ჩვენი პროფესიული წინსვლა ამ სფეროს დავუკავშირეთ. ჩვენი კომპეტენციიდან გამომდინარე თვალშისაცემი გახდა სურსათის უვნებლობის სფეროში უხეში კანონდარღვევები, რომლებსაც არა მარტო არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში (მაგალითად, ბაზარში), არამედ უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელებში ვხვდებოდით. შეგვაწუხა ფაქტმა, რომ კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მოთხოვნები, რომლებიც უკვე წლებია ძალაშია, ბიზნესოპერატორების დიდი ნაწილისთვის ფიქტიური იყო და მისი პრაქტიკაში აღსრულება არ ხდებოდა, რჩებოდა სახელმწიფო კონტროლის მიღმა. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც ამ პრობლემებზე ხმამაღლა, არგუმენტირებულად ისაუბრებდა და ფართო აუდიტორიის ყურადღების მიპყრობით ამ თემას უფრო აქტუალურს გახდიდა. სწორედ ამ იდეით და მიზნით შეიქმნა სერთიფუდი და აქტივობის 3 თვის თავზე უკვე გვყავს სოციალურ ქსელებში, ჯამურად, 70 000-მდე გამომწერი, ჩვენს ვიდეორგოლებს ასიათასობით ადამიანი ნახულობს და გვაქვს რეალური შედეგები.

თორნიკე ცხვედაძე, სურსათის და ცხოველთა საკვების უვნებლობის სპეციალისტი:
– სურსათის უვნებლობა საქართველოში საკმაოდ მგრძნობიარე თემაა და სწორედ ამ საკითხის მიმართ მაღალმა ინტერესმა განაპირობა ჩვენი ვიდეოების პოპულარულობა – ხალხს აინტერესებს, რამდენად უვნებელ სურსათს მიირთმევს და ამავდროულად, აინტერესებს კანონმდებლობაც. ჩვენი ვიდეოებით ვცდილობთ, ავამაღლოთ საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის ცნობიერება, როგორც ეს სხვა სფეროებში ხდება, მაგალითად, უძრავი ქონების.
სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა სასურსათო წარმოებაში საკმაოდ დიდია. მისი სწორი აღქმითა და გამოყენებით შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების არიდება. გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის სწორი პოლიტიკით ბიზნესი და მომხმარებელიც ზოგავს თანხას, ირიდებს მრავალ გაუთვალისწინებელ ხარჯს, რომელიც პირდაპირ აისახება სურსათის თვითღირებულებაზე.
– ანდრია, თუნდაც თქვენს პლატფორმაზე დაყრდნობით, რა ძირითადი პრობლემები გვხვდება საქართველოში სურსათის უვნებლობის მიმართულებით?
– ამ სფეროში ძირითადი გამოწვევა უკავშირდება ცოდნის დეფიციტს – როგორც მომხმარებლის, ისე ბიზნესის მხრიდან. ხშირად პრობლემა იწყება არა ბოროტი განზრახვით, არამედ ელემენტარული უცოდინრობით.
მომხმარებლის შემთხვევაში, ადამიანების დიდმა ნაწილმა უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს სურსათის უვნებლობა, როგორ წაიკითხოს ეტიკეტი, რა პირობებში უნდა ინახებოდეს განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი, როგორ არ უნდა მოტყუვდეს სურსათის შეძენისას. შედეგად, მომხმარებელი ხშირად ყიდულობს ისეთ პროდუქტს, რომელიც საერთოდ არ აკმაყოფილებს უვნებლობის მინიმალურ მოთხოვნებს.
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ბიზნესის მხრიდან ცოდნის ნაკლებობა. ჩვენ ხშირად ვმონაწილეობთ აგრო-სასურსათო გამოფენებში, სადაც ვესაუბრებით ბიზნესოპერატორებს და ვიგებთ, რომ მათი დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას ისეთ ელემენტარულ საკითხებზე, როგორებიცაა ვარგისიანობის ვადის შენახვის პირობების განსაზღვრის აუცილებლობა, სწორი ეტიკეტირება და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას HACCP და სხვა მოთხოვნებს აღიქვამს როგორც „ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებას“ და არა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. ერთი სიტყვით, ვერ იაზრებენ საკუთარ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. შედეგად, ვიღებთ ფორმალურად დანერგილ სისტემებს, სურსათზე დატანილ მცდარ ინფორმაციას, რეალიზაციას შენახვის პირობების დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის როგორც მომხმარებლის ჯანმრთელობას, ისე თავად ბიზნესის რეპუტაციას.
რაც შეეხება სახელმწიფოს როლს, აქ პრობლემაა არა მხოლოდ კონტროლი, არამედ პრევენცია. სახელმწიფო ხშირად აღიქმება მხოლოდ დამსჯელ ორგანოდ, მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს: ბიზნესის განათლება, მოთხოვნების კუთხით მკაფიო კომუნიკაცია და კონტროლის თანმიმდევრული, სისტემური განხორციელება.
სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როცა ერთი და იგივე დარღვევა წლებია მეორდება. მაგალითად, სახელმწიფო დუმს, როდესაც ქვეყანაში გავრცელებულია ფრინველის გრიპი, დაავადება თურქული, როდესაც მარკეტებში ვხედავთ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის აშკარა დარღვევებს, ხორცპროდუქტები იყიდება ქუჩაში, ტროტუარზე. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ კონკრეტულ ბიზნესში, პრობლემა არის სისტემაში. თუ კანონი არსებობს, მაგრამ არ სრულდება ან სრულდება შერჩევითად, ეს ნდობას ანგრევს როგორც ბიზნესში, ისე მომხმარებელში. სწორედ ამიტომ სურსათის უვნებლობა ვერ იქნება მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვერც მხოლოდ ბიზნესის. ეს არის სამკუთხედი – სახელმწიფო, ბიზნესი და მომხმარებელი. თუ რომელიმე რგოლი სუსტია, სისტემა ვერ იმუშავებს. სერთიფუდის მიზანი სწორედ ამ სამივე მხარეს შორის კომუნიკაციის გაძლიერება, ცოდნის გავრცელება და პრობლემებზე ღიად საუბარია, რადგან სურსათის უვნებლობა არ არის არჩევანი, ეს არის აუცილებლობა.

– თორნიკე, სურსათის ფალსიფიკაციის იმ მაგალითებზე მოგვიყევით, რომლებზეც სერთიფუდის ვიდეორგოლებშიც გაგიმახვილებიათ ყურადღება.
– ხარისხიანი სურსათის შეძენა, სამწუხაროდ, რთული რამაა საქართველოში და ეს არ ხდება იმის გამო, რომ საქართველოში არ შემოდის ან არ იწარმოება ასეთი სურსათი. ჩვენს ვიდეოებში გამოგვიჩენია ისეთი პროდუქტები, რომელთა ეტიკეტირება ან ფასმაჩვენებელი კანონდარღვევით იყო შედგენილი. მაგალითად, გამოვააშკარავეთ თურქული წარმოების მცენარეული ცხიმი, რომელიც ბევრ სუპერმარკეტში ერბოს სახელით იყიდებოდა, რეალურად კი მხოლოდ პალმის და მზესუმზირის ცხიმს შეიცავდა საღებავებით და კარაქის არომატიზატორით. ვხვდებით ისეთ დარღვევებსაც ეტიკეტზე, როდესაც მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქტზე დატანილია, რომ არის ყველი. როგორც ყველის, ასევე ერბოს შემთხვევაში მკაცრად არის განმარტებული რძის ტექნიკურ რეგლამენტში, რომ აკრძალულია მსგავსი სახით მომხმარებლის მოტყუება. ერთ-ერთ ვიდეოში ასევე გამოვააშკარავეთ თარგმნის დროს დაშვებული შეცდომა – ხიზილალის იმიტაცია შეიცავდა ბავშვებისთვის სახიფათო საღებავს. ეს ნიუანსიც რეგულირდება კანონმდებლობით და აუცილებელია იყოს აღნიშნული, რომ პროდუქტი სახიფათოა ბავშვებისთვის. ვხვდებით დარღვევებს ნახევარფაბრიკატებზეც – პროდუქტზე დიდი, გამოკვეთილი ასოებით აწერია, რომ არ შეიცავს საკვებ დანამატებს, თუმცა შემადგენლობაში თავადვე უწერიათ საკვებდანამატები. გვიხარია, რომ ჩვენი ვიდეოების შემდეგ რამდენიმე ასეთი დარღვევა გამოსწორდა, მაგალითად, ერბოსა და ხიზილალის შემთხვევაში კეთილი ინებეს და გაასწორეს ფასმაჩვენებლები და ეტიკეტები. ასეთი დარღვევების გაშუქებას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ საქართველოს ბაზარზე მომხმარებელს არ შეეძლება სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიღება რაიმეს შეძენისას. აქვე შევახსენებდი მომხმარებლებსაც, რომ ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა დარეკოთ სურსათის უვნებლობის სააგენტოს ცხელ ხაზზე – 15 01.

– ანდრია, სურსათის უვნებლობის კვალიფიციური სპეციალისტის, საკონსულტაციო კომპანიის როლისა და მნიშვნელობის შესახებაც ვისაუბროთ ბიზნესოპერატორისთვის.
– სოციალურ ქსელებში აქტივობასთან ერთად, ჩვენი ძირითადი მიმართულება სურსათის უვნებლობის სფეროში ბიზნესისთვის ხარისხიანი კონსულტაციის გაწევაცაა. ჩვენთვის, როგორც საკონსულტაციო კომპანიისთვის, თვალსაჩინოა სურსათის უვნებლობის სისტემების ფორმალური და ფიქტიური დანერგვის პრობლემა საქართველოში.
საქართველოში სურსათის უვნებლობის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ის, რომ დღეს არ არსებობს სურსათის უვნებლობის სპეციალისტების სავალდებულო რეგისტრაცია ან სერტიფიცირების ერთიანი სახელმწიფო მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს ზოგადი სერტიფიკატი ან გავლილი აქვს მოკლევადიანი ტრენინგი, ბიზნესს შეუძლია შესთავაზოს HACCP-ის ან სხვა სისტემების „დანერგვა“.
მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო HACCP-ის სისტემის აუდიტები, გამოვლინდა სისტემის ფიქტიურად დანერგვის მრავალი მაგალითი, რაც, ძირითადად, არაკომპეტენტური სპეციალისტების დამსახურებაა – მათი ფუნქცია, ხშირ შემთხვევაში, ობიექტზე უბრალოდ შაბლონური ფურცლების მიტანით შემოიფარგლება. შევხვედრივართ ფაქტებს, როდესაც ვითომ სპეციალისტები ყიდიან ყალბ, სხვადასხვა პროგრამაში აწყობილ სერტიფიკატებს. ასევე სერიოზული პრობლემაა ეტიკეტირება სურსათის იმპორტიორ ბიზნესოპერატორებში, რომლებიც ამ პროცესს მხოლოდ ანოტაციის ქართულად თარგმნად მოიაზრებენ. ამ კომპანიებში ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელი პირები არ არიან სპეციალისტები, არ იცნობენ კანონმდებლობას. ვინაიდან, საქართველოში იმპორტირებული სურსათის დიდი ნაწილი არაევროპული ქვეყნებიდან შემოდის, ეტიკეტის კანონთან შესაბამისობის მოყვანას ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა სჭირდება. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა უკეთესი რეალიზაციისთვის ქართულ თარგმანში დამალულია გარკვეული იაფფასიანი ინგრედიენტები, მაგალითად, პალმის ცხიმი, საკვებდანამატები მოხსენიებულია ალერგენებად, დანამატის გამოყენებისას გამორჩენილია აღნიშვნები უარყოფითი ზემოქმედების შესახებ ბავშვებზე. ამიტომაც, სერთიფუდი ბიზნესოპერატორებს გირჩევთ, სურსათის უვნებლობის კონსულტანტის შერჩევამდე მოითხოვოთ მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, აუცილებლად გაეცანით მათ პორტფოლიოს და წარმატებით შესრულებულ პროექტებს.