LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სევდიანი მიზეზი, რის გამოც რამილია ალიევა 5 წლიდან სამზარეულოში ტრიალებს  

3904
FORTUNAMasterchief

„პირველი არხის“ გადაცემების, მათ შორის აზერბაიჯანული „მოამბის“ წამყვანი, რამილია ალიევა „მრავალფეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელიცაა, რომელიც მუშაობს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემაზე, აქტიურადაა ჩართული პროექტში „ჩვენი ქართული ენა“, რომელიც, როგორც თავად გვითხრა, შვილივით უყვარს და ახალი სეზონიდან ახალი პროექტებისთვისაც ემზადება, თუმცა ახლა მისი დროის არცთუ მცირე ნაწილი „მასტერშეფში“ მონაწილეობას ეთმობა.

აღმოჩნდა, რომ ტელეჟურნალისტი საკმაოდ კარგად ფლობს კულინარიის ხელოვნებას. პირველ ეპიზოდში ის ცნობილი შეფების წინაშე სამეფო ფლოვით წარდგა და კარგი შეფასებებიც დაიმსახურა. რამილია 12–ეულში მოხვდა და აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

რამილიასა და სამზარეულოს ურთიერთობა საკმაოდ სევდიან დროს დაიწყო, თუმცა მაინც შეძლო ამ საქმიანობის ისე შეყვარება, რომ მისი პროფესიულად დაუფლების სურვილიც გაუჩნდა და საკუთარი თავის ამ მხრივ გამოცდისაც.

რამილია fortuna.ge–ს ექსკლუზიურად ესაუბრა.

რამილია ალიევა:

„მასტერშეფში“ მონაწილეობის გადაწყვეტილება არ იყო ადვილი, ერთგვარი პასუხისმგებლობაა ამ პროექტში მონაწილეობა. როცა ვფიქრობდი, შემევსო თუ არა აპლიკაცია, მიზანი იყო მინიმუმ თორმეტეულში მოხვედრა.

ძირითადად, მეგობრებისა და ახლობლებისთვის, ჩვენი შეკრებების დროს, ვამზადებ სხვადასხვა კერძს. სულ მაგულიანებდნენ, რომ წავსულიყავი „მასტერშეფში“ და მომესინჯა ძალები. პირველ სეზონზე ვერ გავრისკე, მეორე სეზონის მიმდინარეობისას მქონდა ბევრი პროექტი, რაც დიდ ძალას მართმევდა, თანაც, პირდაპირ გეტყვი, იყო გარკვეული შიშის მომენტი. მესამე სეზონზეც რომ არ გამერისკა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვერ გადავწყვეტდი, ან საერთოდ აღარ მივიღებდი მონაწილეობას. ახლაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს, ბევრი პროექტი გვაქვს „პირველ არხზე“. მიხარია, რომ გარისკე და მივიღე მონაწილეობა.

ვინ გასწავლა ასე მზადება?

ჩემი და სამზარეულოს ამბავი ცოტა სევდიანია. ძალიან პატარა ვიყავი, როცა სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყე. ჩემი ძმა, მცირე ასაკში, ლეიკემიით დაავადდა და დედას საავადმყოფოში უწევდა ყოფნა, თავიდან მეც მასთან ერთად ვიყავი ხოლმე, შემდეგ მხოლოდ დედა რჩებოდა და მე მამასთან გახლდით, სახლში. ხუთი წლიდან მომიწია რაღაცების მომზადებამ. აქედან დაიწყო ჩემი და სამზარეულოს ურთიერთობა. მამაჩემთან ერთად ვერთობოდი, რომ არ მეგრძნო, დედა არ იყო ჩვენთან ერთად. მამა მაჩვენებდა, როგორ უნდა დამეჭრა ხორცი, ბოსტნეული. ასე გადავდგი პირველი ნაბიჯები სამზარეულოში.

ვფიქრობ, კულინარია დიდი ფილოსოფიაა, ცხოვრებისეული ნაწილი ყველაფრის, რასაც ქმნი. შეგიძლია, ერთი კერძში ჩადო უამრავი გემო, სიყვარული, აურა და ენერგია, რომელსაც აუცილებლად იგრძნობს ის ადამიანი, ვინც შენს კერძს მიირთმევს.

აზერბაიჯანული სამზარეულო უკეთ იცი თუ ქართული?

ძირითადად, უფრო მეტად აზერბაიჯანულ კერძებს ვამზადებ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კერძების მომზადება იდეალურად არ ვიცი, საკმაოდ კარგად ვიცი ესეც და ვამზადებ. ჩემი მეგობრების უმრავლესობა ქართველია, როდესაც სტუმრად ვიწვევდი ვინმეს, სულ მთხოვდნენ, რომ აზერბაიჯანული სამზარეულოდან მომემზადებინა რამე. ასე რომ, შაბათ–კვირას სულ ვამზადებდი რომელიმე აზერბაიჯანულ კერძს. მე რომ ვსტუმრობ მეგობრებს, ვთხოვ, რომ რაიმე ქართული კერძი დამახვედრონ.

დედა როდის დაბრუნდა შენთან ერთად სამზარეულოში?

სამწუხაროდ, ჩემი ძმა გარდაიცვალა და დედაჩემს საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგა, ადაპტირებისა და ასე ვთქვათ, აზრზე მოსვლის ეტაპი. შემდეგომ, როდესაც დედა უკვე ჩემთან ერთად იყო სრულფასოვნად, დედის გაკეთებულს მივირთმევდი.

აზერბაიჯანელებიც ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, უყვართ დიდი სუფრები. ჩვენს ოჯახშიც ბავშვობიდან იშლებოდა სუფრები და მეც, რასაკვირველია, ვტრიალებდი სამზარეულოში.

„მასტერშეფის“ პირველ ტურში შენმა სამეფო ფლოვმა შეფები გააკვირვა, განსაკუთრებით ლავაშმა და მისმა ფერმა და სტრუქტურამ. როგორ ისწავლე ეს კერძი?

ეს არის აზერბაიჯანული სამზარეულოს ერთ–ერთი ყველაზე რთული კერძი, რომელსაც მომზადების თავისი სპეციფიკა აქვს და ყველა ტექნოლოგია უნდა დაიცვა იმისთვის, რომ ის სწორად მოამზადო. თხელი ლავაში შინ წინა დღეს მოვამზადე. ცომი საკმაოდ უნდა გაათხელო. მაღაზიაში ნაყიდით ამ შედეგს ვერ მიიღებ. შენივე მომზადებული სულ სხვაა. საკმაოდ ბევრი ინგრედიენტი შედის ამ კერძში, ბევრი სხვადასხვა პროდუქტი, რომელთა გაერთიანებითაც ვერ წარმოიდგენთ, როგორ გემრიელ კერძს მიიღებთ.

ამ კერძის გამოტანა იმიტომ გადაწყვიტე, რომ მინდოდა წარმედგინა აზერბაიჯანული სამზარეულო. რელიგიურად, კულტურულად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში. ყველა მათგანის კულინარია არის ძალიან საინტერესო. სიამოვნებით გავაცნობდი საქართველოში მცხოვრები ეთნოსის წარმომადგენლების კულინარიას ტურისტებსაც.

სამეფო ფლოვი კიდევ იმის გამო შევარჩიე, რომ ამ რთული კერძის მომზადებას შეფები დააფასებდნენ. ვიცოდი, რომ არც ერთი კონკურსანტი არ მოამზადებდა ასეთ განსხვავებულ კერძს.

ვის კრიტიკას ელოდი ყველაზე მეტად ჟიურის წევრებისგან?

ვფიქრობდი ამ კერძის ტრანსფორმაციაზე და მის გათანამედროვებაზე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოვამზადე ისე, როგორც მასწავლა დედამ, ჩემმა წინაპრებმა.

ვიცოდი, რომ ჟიურის წევრებს ექნებოდათ შენიშვნები და განსხვავებული აზრი. საკონკურსო დროში კერძის იდეალურად მომზადება რთულია. მიხარია, რომ დრო სწორად გამოვიყენე და კერძი ისე მივიტანე, როგორიც უნდა ყოფილიყო.

კრიტიკას ყველა მათგანისგან ველოდი, რადგან ჟიურის ყველა წევრს თავისებური ხედვა და მიმართულება აქვს – შეფი კონსტანტინე უფრო მეტად გემოებზე აკეთებს აქცენტს, შეფ ლევანსაც სამართლიანი შენიშვნები აქვს, ლუკასი უფრო მეტად მეშინოდა, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს.

მართალია, რომ აზერბაჯანელი ქალი ვერ გათხოვდება, თუკი 80 სახეობის ფლოვის გაკეთება არ იცის?

(იცინის) ამაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მართალია ის, რომ არსებობს 400–მდე სახეობის ფლოვი. ყველა თურქულენოვან ერს აქვს 10–15 სახეობის ფლოვი, რომელსაც ამზადებენ, მაგალითად, ალბათ, გაგიგიათ უზბეკური, მონღოლური ფლოვი და ა.შ. აზერბაიჯანელებს აქვთ უამრავი სახეობა, დაახლოებით 300–მდე. თუკი ქალმა იცის 80 სახეობის ფლოვის მომზადება, ის მიიჩნევა კარგ დიასახლისად. შეფებისგან წამოვიდა კომენტარი, თუ ამდენი არ იცის, ქალი ვერ გათხოვდებაო, რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს (იცინის). არ მგონია, დღევანდელ დღეს კარგი მზარეულობა იყოს საჭირო, რომ გათხოვდე. სხვათა შორის, ერთ–ერთმა მაყურებელმა დააკომენტარა, ეს მალე გათხოვდებაო, რაზეც ვუპასუხე ხუმრობით, რომ უკვე „სტენკაც“ მაქვს არჩეული (იღიმის).

ხუმრობით კი უპასუხე, მაგრამ…

არა, ჯერ არ ვთხოვდები…

შენს მომავალ მეუღლეს აშკარად მოხიბლავ შენი კულინარიული შესაძლებლობებით…

ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები ეცოდინება, სანამ გავთხოვდები, ერთი–ორჯერ ხომ მაინც დავპატიჟებ ჩემს გაკეთებულ კერძებზე.

ვინმე იყო, ვინც განსაკუთრებულად გგულშემატკივრობდა?

არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით. ახლა მარტო ვარ (იღიმის). ბევრი ადამიანი მწერს. მეკითხებიან, ქართველს გაჰყვები ცოლადო? მეც ვხუმრობ და ვპასუხობ, არა, რას ამბობთ, ჩამოქოლავენ–მეთქი.

ზოგადად, გამოხმაურებით კმაყოფილი ხარ?

ძალიან. მალე ალბათ ჩემს ვიდეოს მილიონი ნახვა ექნება. ძირითადად, პოზიტივი მივიღე და ყველა ჩემს გულშემატკივარს უდიდეს მადლობას ვეტყვი. ყველანი მიყვარხართ. მიხარია, რომ ძალიან ბევრი სტერეოტიპი, რაც შეიძლება არსებობდეს აზერბაიჯანელი ქალის მიმართ, ცოტათი მაინც შეიცვალა.

რა სტერეოტიპებს გულისხმობ?

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სტერეოტიპები სხვა ეთნოსის, ორიენტაციის, თუ მოსაზრების მქონე ადამიანების მიმართ. არ არის გასაკვირი, რომ სტერეოტიპები არსებობს. ამის წინააღმდეგ ვფიქრობ, ბრძოლა ღირს არა აგრესიით, არამედ პოზიტივით. ჩემმა გამოჩენამ „მასტერშეფში“ ვფიქრობ, დაარღვია ისეთი სტერეოტიპები, როგორებიცაა, მაგალითად ის, რომ საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა ქართული ენა არ იციან, არ უნდათ მისი სწავლა, ქალები სხედან შინ, გარეთ არ უშვებენ, სწავლის საშუალებას არ აძლევენ და ა.შ. უამრავი აზერბაიჯანელი გოგონასთვის ეს იყო კარგი მაგალითი, თუკი ისწავლიან სახელმწიფო ენას, მათთვის ყველა კარი ღია იქნება, სამსახურსაც ნახავენ, იმუშავებენ და პოპულარულებიც გახდებიან, თუნდაც ქვეყნის ყველაზე პოპულარულ შოუში მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან მინდოდა „მასტერშეფში“ მონაწილეობა, რადგან ვფიქრობ, კარგად ვამზადებ, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ამან პოზიტიური გამოხმაურება მოიპოვა.

„პირველ არხზე“ როგორ აფასებენ შენს მონაწილეობას პროექტში?

სანამ „პირველ არხზე“ ვიტყვი, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეზობლებს. გვაქვს ერთობლივი „ფეისბუქ“–გვერდი. ერთმა ჩემმა მეზობელმა დაპოსტა ჩვენს ჯგუფში, რომ „მასტერშეფში“ ვმონაწილეობდი. ახლა მეზობლების რიგი მაქვს, რომ ფლოვის რეცეპტი ჩავაწერინო.

რაც შეეხება „პირველ არხს“, ნაწილმა ჩემგან იცოდა, ნაწილმა ტელევიზიით გაიგო, რომ ვმონაწილეობდი. მგულშემატკივრობენ და მამხნევებენ. სხვათა შორის, სადაც არ მიმუშავია, ყველა ჩემს თანამშრომელს ვანებივრებდი გემრიელი კერძებით. შეგიძლიათ იკითხოთ, რამილია ალიევას აზერბაიჯანულ ფახლავაზე როგორი ლეგენდები დადის (იღიმის).

რითი გააკვირვებ შეფებს და შენს კონკურენტებს და თუ გაქვს გამარჯვების იმედი?

პირველ რიგში, მინდა, გამარჯვება მოიპოვოს ღირსეულმა ადამიანმა, ვისთვისაც კულინარია და სამზარეულო ცხოვრების ნაწილია. თორმეტეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა, რადგან აქ სხვა მზარეულებთან ერთად ხარ. „მასტერშეფი“ ყველაზე ექსტრემალური ამბავია, რაც ჩემს ცხოვრებაში მქონია. შეფების მხრიდან დიდ სიურპრიზებს ვაწყდებით ხოლმე, დავალებების კუთხით. ამ დავალებების დროს უნდა გარისკო და მთავარია, იცოდე, რომელი პროდუქტი რას უხდება და როგორ გემოს მიიღებ. 12 მონაწილეს შორის იმით განვსხვავდები, რომ რამდენიმე სამზარეულოს ავურევ ერთმანეთში. ვფიქრობ, შევძლებ, ღირსეულად გადავიდე ტურიდან ტურში.

ფოტო: გიორგი ცაავა

ნინო მურღულია

 

„მასტერშეფის“ 20 წლის ვარსკვლავი – „ყურზე შვიდსაათიანი ოპერაცია გამიკეთეს, რომ არ მოვმკვდარიყავი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g