საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს, აშშ-ს მხრიდან არ მომხდარა მტკიცებულებების წარმოდგენა და მოსამართლეების დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„უკვე 2 თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს. მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ზოგად ვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი ღირსეულად გაიარა.
„გაიხსენეთ ყველა ე.წ. მაღალი მნიშვნელობის საქმე, სააკაშვილის საკითხი, „რუსთავი 2“-ის საკითხი თუ ა.შ. დისკრედიტირება ხდებოდა სასამართლოსი და შემდეგ გაიხსენეთ, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი სტრასბურგში, ასე დასრულდება ყველა საქმე, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ანგაჟირება და მცდელობა ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირების. ქართულმა მართლმსაჯულებამ ყველა ტესტი გაიარა ღირსეულად და აბსოლუტურად ყველა საკითხზე, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს ის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ყველა საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო დონეზე დადასტურდა, რომ ეს იყო მანიპულაცია, დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის კამპანია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას