საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ცერემონიაზე დასასწრებად მიწვეულები არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
„29 დეკემბერს, კვირას საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონის შესაბამისად ცერემონია პარლამენტის სასახლეში იმართება. კერძოდ, სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.
რაც შეეხება ინაუგურაციის პროცესს, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს არის ჩვენთვის პირველი და ისტორიული მომენტი, ვინაიდან საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია ხდება. როგორც საპარლამენტო რესპუბლიკების ტრადიციაა, ინაუგურაციის პროცესი პარლამენტის შენობაში იმართება. ჩვენ სპეციალურად, ამ ღონისძიებისთვის საინაუგურაციო კონსტიტუცია დავბეჭდეთ, რომელიც პირველად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთვის და შემდეგ ეს კონსტიტუცია შეინახება საქართველოს პარლამენტის მუზეუმში და ყოველ ჯერზე პრეზიდენტის ინაუგურაციისას, ზუსტად ეს იქნება გამოყენებული, ეს ეგზემპლარი. ასე რომ, ესეც თავისთავად დარჩება ისტორიული ეგზემპლარი. მისი სამი თანაბარწონადი ასლი დამზადდა, რომელიც ერთი პარლამენტის მუზეუმში განთავსდება, მეორეს გადავცემთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, ასევე სახელმწიფო არქივს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ფოტო სლაიდზე: ინტერპრესნიუსი