LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შანხაიში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

136
შანხაი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან ერთად, ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ITB China 2024-ს საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანიაც დაესწრო.

საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა, გამოფენის ფარგლებში, შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის უკვე მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რაც ნიშნავს, რომ აქტიურად შეგვიძლია ვიმუშაოთ ჩინეთის ბაზარზე ტურისტული და ეკონომიკური თვალსაზრისით. წელს საქართველო პირველად მონაწილეობს ITB China 2024-ზე, რომელიც უმსხვილესი გამოფენაა, სადაც მთელი მსოფლიოდან თავს იყრიან ტურისტული კომპანიები, ჩინეთში მოქმედი წამყვანი ტუროპერატორები. საქართველო ამ გამოფენაზე წარმოდგენილია ტურიზმის სექტორთან ერთად. ჩვენ აქტიურად ვხვდებით მედიის წარმომადგენლებს, ინფლუენსერებს, ასევე ტუროპერატორებს, რომლებიც მოამზადებენ პაკეტებს საქართველოში მოგზაურობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ვიზიტორების ზრდას“,- განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ თინათინ ზოიძემ.

ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს.

გამოფენაზე საქართველოს სტენდს ITB-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებთან ერთად გაეცნო. მარიო ტობიასმა საქართველოს წარმატება უსურვა და  განაცხადა, რომ ქვეყანას ტურისტების მოზდვის დიდი პოტენციალი აქვს.

„საქართველო ჩინეთის კარგი მეგობარია. არასდროს ვყოფილვარ თქვენს ქვეყანაში, მაგრამ ბევრი მსმენია საქართველოს ისტორიის, ტრადიციების, ღვინისა და კერძების შესახებ. ბევრ ჩინელ ტურისტს სურს ეწვიოს საქართველოს, საქართველოში ჩამოსვლას მეც ვაპირებ“,-განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ალიანსის თავმჯდომარის მოადგილემ ლიუ შიჯუნიმ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შანხაის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებისთვის ბრიტანული ელექტრონული მუსიკის პროექტის „Jungle“-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები გაათამაშა. კამპანიის „სთარინგ ჯორჯია” ფარგლებში, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტები Black Sea Arena-ზე გაიმართება.

შანხაის სამდღიან ტურისტულ გამოფენაზე 80-ზე მეტი ქვეყნიდან 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.

magti 5g