LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეფასება, რომელიც “სინოვაკის” ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში მიიღო, აღემატება “სინოფარმის” შეფასებას: ჩხაიძე

190
Untitled design (5)

“ის შეფასება, რომელიც “სინოვაკის” ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში მიიღო, აღემატება იმ შეფასებას, რომელიც “სინოფარმის” ვაქცინამ მიიღო.” – კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინის საიმედოობასა და ეფექტიანობაზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე საუბრობს.

ამასთან, როგორც ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, არ გამორიცხავს, რომ  საქართველოში “სინოვაკის” ვაქცინის გამოყენება, ჯანმოს მიერ მის ავტორიზაციამდე დაიწყოს, გამყრელიძემ რამდენიმე არგუმენტიც დაასახელა.

ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ “სინოვაკის” შეფასება დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმისათვის, რომ ვაქცინა განიხილონ როგორც საიმედო, ეფექტიანი და მინიმალურად გამოხატული გვერდითი მოვლენების მატარებელი და გამოყენებისთვის რეკომენდაცია მისცენ:

“ჩვენ გვაქვს დეტალური ანალიზი, როგორც “სინოფარმის”, ასევე “სინოვაკის”. ის შეფასება, რაც მიიღო “სინოვაკის” ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში, აღემატება იმ შეფასებას, რაც “სინოფარმის” ვაქცინამ მიიღო. შესაბამისად, ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმისთვის, რომ “სინოვაკი” განვიხილოთ, როგორც საიმედო, ეფექტიანი და მინიმალურად გამოხატული გვერდითი მოვლენების მატარებელი ვაქცინა და მას მივცეთ რეკომენდაცია საქართველოში გამოყენებისთვის.

“სინოვაკს” დღეისთვის 32 ქვეყანა იყენებს, 200 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. დამზადების ტექნოლოგია იდენტურია. ჩვენი გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაამყარა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნამ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ ვაქცინის მაღალ ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე. იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.” – თქვა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძემ ასევე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ერთადერთ უალტერნატივო გზად კვლავ ვაქცინაცია რჩება:

“ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს, პირიქით, ბოლო კვირების განმავლობაში, 3 კვირის წინანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. შესაბამისად, ერთადერთი უალტერნატივო გზა არის ვაქცინაცია და ამისთვის ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არ არის მკურნალობა, არ არის ანტივირუსული თერაპია, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია.” – თქვა ჩხაიძემ.

 

magti 5g