8 აგვისტოს, ცხინვალის შესასვლელთან, დაბომბვას ემსხვერპლა კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი. სოციალურ ქსელში ვრცელდება მისი 7 აგვისტოს დაწერილი ბოლო წერილი:
„7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი!
– ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.
დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.
დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.
თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს, მადლობელი ვარ დედა შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე.
ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.
,,მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით“.
ეს აგვისტოს ომის გმირის ვახტანგ გზირიშვილის ბოლო შეხმიანება იყო დედასთან“.
ვახტანგ გზირიშვილი 1988 წელს დაიბადა, სმოლენსკის ოლქში, ქალაქ იარცევოში, სადაც მისი მშობლები მშენებლობაზე მუშაობდნენ, მამა – დურგლად, დედა – მღებავად.
საქართველოში არეულობა რომ დაიწყო, გზირიშვილებმა იარცევოდან ბინა გლდანში გადმოცვალეს და სამშობლოში დაბრუნდნენ. მერე იყო აფხაზეთის ომი. ბადრი გზირიშვილი გამოიძახეს და იმ ღამესვე ფრონტის ხაზზე გაგზავნეს..
ვახტანგ გზირიშვილი 4 წლის იყო, აფხაზეთში მამა რომ გარდაეცვალა.
გარდაცვალების შემდეგ, რუსთაველ ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ვიდეო: აგვისტოს ომის გმირის უცნობი კადრები – გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა