LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ მოზაიკური პანოს დაზიანებაზე, არამედ ხელოვნების ნაწარმოების სრულ განადგურებაზე – მერიის თანამშრომლები ნებართვების გაცემის „კონვეიერის პრინციპით“ გათელილ გზას გაჰყვნენ“: ნატალია ამირეჯიბი

237
საბჭოთა მოზაიკა მიონის შენობაზე

„ნახეთ, რა გაუკეთა კერძო მფლობელმა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მოზაიკას, რომელიც თბილისში, მიონის შენობის კედელზე იყო განთავსებული“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი ნატალია ამირეჯიბი წერს და კედელში გაჭრილი ფანჯრების ფოტოებს ავრცელებს:

„ფოტოები გამომიგზავნა „რიბირაბოს“ კარგმა მეგობარმა მიხეილ ანდრიაძემ, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ქართული მოზაიკის კატალოგის შექმნაში. უპირველეს ყოვლისა ხაზი მინდა გავუსვა, ამ პოსტში არ ვაპირებ შენობის ჩემთვის უცნობ მესაკუთრეს ვუსაყვედურო, რომელმაც გადაწყვიტა თავის შენობაში „ევრორემონტი“ გაეკეთებინა.

ამაზე ხმაურის ატეხა დროის კარგვა იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებით არსებული კანონმდებლობის კონტექსტში, ყოფილი მიონის შენობის მფლობელი არ არის პირველი და, სამწუხაროდ, არც უკანასკნელი, რომელსაც აქვს უფლება მოზაიკებით საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა.

ამჯერად სხვა გარემოებაზე მინდა ვისაუბრო. 2021 წელს თბილისის მერიის მარკეტინგის განყოფილების თანამშრომლებმა მიმართეს ჩვენს ფონდს და გვთხოვეს, რომ მათთვის მიგვეწოდებინა თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი მოზაიკების სია და ფოტოები, შეგვედგინა ტურისტული მარშრუტი ამ მოზაიკების გამოყენებით და გაგვეკეკეთებინა რუკა მათი ლოკაციებით.

აღნიშნული მასალა მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთი ტურისტული ბროშურის გამოსაცემად სერიიდან „თბილისის ღირსშესანიშნაობები“, რომელიც ამჯერად მოზაიკას მიეძღვნა. ჩვენს მიერ მოწოდებული მასალა მერიამ დაამტკიცა და, როგორც ვიცი, ბროშურა იმავე 2021 წელს დაიბეჭდა.

სხვა მოზაიკებს შორის მიონის მოზაიკაც იქნა ბროშურაში ნახსენები, როგორც თბილისის მოზაიკების ტურისტულ მარშრუტში შემავალი ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. ეს ფაქტია.
და აი, კიდევ ერთი ფაქტი: მერიის ოფიციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელია შენობის ფასადის რეკონსტრუქცია.

ამისათვის იქმნება პროექტი, რომელიც წარედგინება მერიის არქიტექტურული განყოფილების კომისიას და ღებულობს ან ვერ ღებულობს მის დამტკიცებას. ამრიგად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიონის შენობის ფასადის შეცვლის ნებართვა მფლობელმა მიიღო.

შესაბამისად, მერიამ გაშუალებულად დაამტკიცა ის ზიანი, რაც რეკონსტრუქციის პროცედურამ მიაყენა მოზაიკას. უფრო მეტიც, ამ „ოპერაციის“ შედეგად მოზაიკური ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია მთლიანად დაირღვა.

ასე რომ, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ მოზაიკური პანოს დაზიანებაზე, არამედ ხელოვნების ნაწარმოების სრულ განადგურებაზე. შეგვეძლო გვევარაუდა, რომ ამ პროექტის დამტკიცებისას მერიამ „არ იცოდა“ ის, რომ რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ კედელზე მოზაიკა იყო განთავსებული…

ელისაშვილი: „ცეხავიკებმა მშვენიერ მოზაიკაში ფანჯრები გამოჭრეს.. ამ ქალაქს მერია ჰყავს? თუ ფული რაშიც არ კეთდება მერიას ის არ ადარდებს?“

რომ არა ის, რაც ზემოთ აღვნიშნე : მიონის მოზაიკა ნახსენები იყო თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ ტურისტული ღირსშესანიშნაობებისადმი მიძღვნილ ბროშურაში.

ანუ, მერიის თანამშრომლებს, თეორიულად, უნდა სცოდნოდათ ის ფაქტი, რომ თუმცა მიონის მოზაიკას „დე იურე“ არ ჰქონოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, „დე ფაქტო“ ის ფიგურირებდა როგორც „ღირსშესანიშნაობა“ მათი უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში.

ვფიქრობ, დასკვნა ძალიან მარტივია: თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურის თანამშრომლებმა უბრალოდ (და უკვე მერამდენედ?) ნებართვების გაცემის „კონვეიერის პრინციპით“ გათელილ გზას გაჰყვნენ და რაღაც მოზაიკის გამო აუტკივარი თავი აღარ აიტკივეს….

ალბათ იფიქრეს: „რა მნიშვნელობა აქვს კედელზე რაღაც ნაჯღაბნს? ერთით მეტი, ერთით ნაკლები და მაგის ჯანი! არაუშავს, საქართველო ამით არ გაღარიბდება, სამაგიეროდ მესაკუთრე დარჩება კმაყოფილი!“ – წერს ნატალია ამირეჯიბი facebook-ზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g