“თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არსებულ სიას დაამტკიცებს არაადეკვატური გავხდები. რაში გამოიხატება ეს მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი… პარლამენტში ტროტილით მივიდე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.
დღეს „ქართული ოცნების“ თავჯდომარის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10-კაციანმა სიამ საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ეკა ბესელია ამბობს, პარლამენტში ამ სიის განხილვის პროცესის შესაჩერებლად მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. თუმცა ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ის ამბობს, რომ სიის განხილვის შეჩერება ბესელიას მიერ პოსტის დატოვებას არ შეეძლო.