„საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული განცხადებით იგი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებას.
მისივე თქმით, მოხარულია, რომ დღეს ისეთ საქართველოში ცხოვრობს, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
„გამოძიება და მიმდინარე პროცესი ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არის ნათელი გამოვლინება იმისა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს სამშვიდობო პოლიტიკის პარალელურად, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს და რა პროცესებშია საქართველოს ჩართვის მცდელობა. პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ, მიხარია, რომ დღეს ისეთ საქართველოში ვცხოვრობ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. მიუხედავად იმისა, თუ რას იტყვის ან რას „იმაიმუნებს“ ჩვენი ოპოზიცია, უკვე პოლიტიკურად და მავნებლურად ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ, დღეს ფაქტია, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ასე ვთქვათ, საწყის ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ უკვე პრევენციულად განხორციელებულია გარკვეული ღონისძიებები, რომლებმაც ჩვენ, სავარაუდოდ, დიდი საფრთხე აგვარიდა.
ბუნებრივია, ჩვენი რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, რომ ამ საკითხს, რომელიც პირდაპირ თუ შეიძლება ირიბად მათთან აკავშირებდეს ამ მოვლენას, თავს აარიდებს და აარიდებდა, ან კიდევ უფრო უარესი, ის რიტორიკა, რაც ჩვენ მათი მხრიდან მოვისმინეთ, ე.წ. დამცინავი რიტორიკა ამ მიმართულებით, კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს თუ რა დამოკიდებულებაში არიან ისინი მარტივად თავის სამშობლოსთან, როგორ უდიერად ეპყრობიან მის როგორც ინსტიტუტებს, ასევე იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ ბოლო წლების განმავლობაში, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ააწყოს და ასევე, აუწყოს ფეხი იმ ძალიან ტურბულენტურ და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს, რომელიც დღეს რეგიონში და მთელს მსოფლიოშია“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.