LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიქმნება „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი“, რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან – ხალხის ძალა კანონპროექტს დააინიცირებს

178
Untitled design (5)

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შესახებ კანონპროექტს დააინიცირებენ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა:

„საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რომ ვიწყებდით მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი ენჯეოების საქმიანობას შეეხებოდა. საზოგადოებას ისიც ვაცნობეთ, რომ შესაბამისი კანონპროექტი მომზადდებოდა საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით.

გვინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებითად ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი  ენჯეოსთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განცხადებითვე, ისინი მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას გულისხმობს:

„კანონპროექტი ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას ეფუძნება და ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა. კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება იანვარში და ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით.

დარწმუნებულები ვართ, ორივე ინიციატივას ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით. ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით, შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g