„ტოპლაინი“ სხვადასხვა სფეროში წარმატებული კარიერის მქონე ადამიანებისგან შემდგარი გუნდის მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომლის მიზანია ახალი სიტყვა თქვას დეველოპმენტში და საზოგადოებაში ხარისხის სტანდარტი ქართულ-ევროპული ხაზით აამაღლოს.
„ტოპლაინი“ პირველი სამშენებლო კომპანია იყო, რომელმაც სამი წლის წინ გურიის ზღვისპირეთში, კერძოდ, შეკვეთილში მშენებლობათა ციკლი წამოიწყო და მას შემდეგ ამ პროცესს არაერთი დეველოპერული კომპანია შეუერთდა.
„ტოპლაინის“ მიერ შეკვეთილში განხორციელებული ინვესტიციებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ სასაუბროდ „ბიზნესნიუსს“ კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ თამაზაშვილი ეწვია:
– ჩვენ მართლაც პირველები ვიყავით, ვინც გადაწყვიტა, რომ შეკვეთილში დეველოპერული მიმართულება განგვევითარებინა, რადგან შავი ზღვისპირეთის ეს ზოლი, აჭარისგან განსხვავებით, ასათვისებელი იყო. როდესაც ტერიტორიის შესწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე კარგად გაკეთებულ ობიექტს მიღმა, შეკვეთილში დეველოპერული საქმიანობა არ მიმდინარეობდა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აღმოაჩნდა, კერძოდ, გენერალური გეგმის მიხედვით შეკვეთილში მაღალი, მასშტაბური, განსაკუთრებული მოცულობის შენობა-ნაგებობების განთავსება არ შეიძლება, რაც ცხადია, აღნიშნული ტერიტორიის მიმართ დიდ კომპანიებს ინტერესს უკარგავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მხოლოდ 3-4 სართულიან შენობებს ვაშენებთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ტერიტორიაზე ტყის დიდი მასივებია, სადაც ფიზიკურადაა შეუძლებელი რაიმე ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოება, საბოლოო ჯამში, ვიღებთ გაშლილ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე რაოდენობით შენობებს, პრემიუმ კლასის სასტუმროებს, დიდი სარეკრეაციო ზონებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეკვეთილი მაღალი დონის კურორტად ყალიბდება, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონალური მასშტაბით. როგორც ვიცი, ამჟამად შეკვეთილის გენერალური გეგმის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე მუშაობენ, რათა ის ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, რომელიც კურორტს შეიძლება გააჩნდეს. ვფიქრობ, 2-3 წლის ვადაში შეკვეთილი სუპერ პოპულარული და გამორჩეული კურორტი იქნება.

– ვიდრე მიმდინარე პროექტზე გავამახვილებდეთ ყურადღებას, „ფიდელიო“ გავიხსენოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
– ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მომხმარებლებს რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ბარდებათ, რომელიც ზღვასთან ახლოს, ტყის კორომში მდებარეობს. მასთან ახლოსაა რეგიონის მასშტაბით საუკეთესო დენდროლოგიური პარკი და საკონცერტო დარბაზი, რომელსაც ბოლო დროს მაღალი დონის ვარსკვლავები სტუმრობენ, აღსანიშნავია ისიც, რომ „ფიდელიოდან“ უმოკლეს ხანში შეგიძლიათ მოინახულოთ გომისმთის ზღაპრული გარემო, ხოლო თუ ღამის გართობის მოყვარულიც ბრძანდებით, სულ რაღაც 30 წუთში შეგიძლიათ მოხვდეთ ბათუმის კლუბებში. ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხვედრით შესაძლებელია როგორც კარგად დასვენება, ისე გართობაც, გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ფიდელიო“ მომხიბვლელია როგორც პირადი სარგებლობისთვის, ასევე, საინვესტიციოდ.
– რაც შეეხება „სისაიდს“…
– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ეს მესამე პროექტი ყველა კატეგორიის მყიდველსა და დაინტერესებულ პირზეა გათვლილი. კომპლექსი ზღვიდან 70 მეტრში მდებარეობს, გარს ფიჭვნარის და ნაძვნარის ტყე აკრავს, აქვს აუზი. კორპუსი სულ 4 სართულისგან შედგება – პირველ სართულზე საპარკინგე სივრცეებია განთავსებული, დანარჩენ სამზე კი საცხოვრებელი. პირველი სართული ისეა დაპროექტებული, რომ ზღვაზე შტორმის შემთხვევაში წყალი საცხოვრებელ ფართებამდე ვერ ააღწევს და უძრავ ქონებას ვერ დააზიანებს.
„სისაიდი“ ის პროექტია, რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობით ბარდება. მოგეხსენებათ, პროექტი, რომელიც მობინადრისთვის გასაღების გადაცემით სრულდება, შედარებით მაღალფასიანია, ჩვენ კი ამჯერად ჩვენი პროდუქტის იმ ადამიანებისთვის შეთავაზება გადავწყვიტეთ, რომლებსაც შეძენილი ფართის გარემონტება და მოწყობა საკუთარი გემოვნებით სურს.

„სისაიდი“ 2024 წლის მარტში დასრულდება. ამ ეტაპზე თითქმის დასრულებულია მონოლითური სამუშაოები, მიმდინარეობს შევსებითი სამუშაოები, რაც ბლოკის მოწყობას გულისხმობს, კედლებსა და ფასადზე კი მომავალი წლის დასაწყისიდან გადავალთ. რაც შეეხება ფართებს, სულ 5 ბინაა დარჩენილი და ვფიქრობთ, რომ გაყიდვები წლის ბოლომდე დაიხურება.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ის შეკვეთილში საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მიმზიდველი ფასები გვქონდეს.
მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ ქართული ბაზრისთვის ვმუშაობთ, ჩვენი მობინადრეების 98%-ი ქართველია, დანარჩენ 2%-საც საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული პირები შეადგენენ. ფაქტობრივად, შეკვეთილი ქართულ კურორტად ყალიბდება.
– მოდით, საუბარი დავასრულოთ იმით, რითაც დავიწყეთ – თქვენ შეკვეთილში პირველებმა ააშენეთ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები და გზა გაუკვალეთ სხვა დეველოპერულ კომპანიებს, რითაც ადგილზე ერთგვარად კონკურენტუნარიანი გარემო შექმენით. დღეს თქვენ როგორ უმკლავდებით ამ კონკურენციას?
– გარდა იმისა, რომ პირველები ვიყავით და ბევრისთვის ინსპირაციად ვიქეცით, ძალიან სასიხარულოა კონკურენტული გარემოს შექმნა. ჯანსაღი კონკურენცია ხომ ისედაც მისასალმებელია ნებისმიერ სფეროში და შეკვეთილში რაც მეტი მშენებლობა ინება, რაც მეტი კარგი დეველოპერული კომპანია გადაწყვეტს ამ სივრცეში შემოსვლას, ეს ყველასთვის ხელსაყრელი იქნება, რადგან როდესაც რომელიღაც ადგილი იტვირთება, ის მიმზიდველი ხდება მეტი მომხმარებლისთვის და ყველაფერთან ერთად უმჯობესდება ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც. რაც მე მესმის, უნიკალური პროექტები კეთდება, კორპუსი კორპუსისთვის იქ არსად არ შენდება, ყველგან სრულფასოვანი, მაღალი დონის კომპლექსები იგება.
