LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკვეთილში უდიდესი საკონცერტო დარბაზი იხსნება – ყველა დეტალი Blac Sea Arena-ს შესახებ!!!

934

ივლისში შავი ზღვისპირეთს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატება. კონკრეტული თარიღი უცნობია, თუმცა ივლისის თვეში ოზურგეთში, კერძოდ, დაბა შეკვეთილში, Black Sea Arena-ს გრანდიოზული გახსნა იგეგმება. ტერიტორია 6 ჰექტარზეა გადაჭიმული, რაც მოიცავს 1500 მეტრზე გაშენებულ პარკს, შადრევნებს და მოსახერხებელ ავტოსადგომს, რომელიც 2000-მდე ავტომობილზეა გათვლილი. აქვეა ტექნიკური ბლოკები, რომლებიც უზრუნველყოფს არენას განათებას, ელექტრომომარაგებას და გადახურვას, დიახ, არენა საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად გადაიხურება. ამ ოპერაციის შესრულებას სავარაუდოდ 10-15 წუთი დასჭირდება.

სცენის მთლიანი ფართობი 1000 კვადრატულ მეტრამდეა, 31 მეტრი სიღრმე და 25 მეტრი სიგრძე. არენა თავისი არქიტექტურით რომის კოლიზეუმს მოგაგონებთ, ამიტომაც ხილვადობა აუდიტორიის ნებიმსმიერი წერტილიდან იდეალურია. ამის მიუხედავად, ლედეკრანებიც განთავსდება.

სტანდარტულ რეჟიმში არენა 6500 სტუმარს დაიტევს. განსაკუთრებულ შემთხვევებში სცენის წინ დამატებითი სკამები დამონტაჟდება, რაც ადგილების რაოდენობას 8700 მდე გაზრდის.  აუდიტორია ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მათთვის სპეციალური ადგილებია განკუთვნილი. გარდა ამისა აქ არის  VIP  სივრცე, რომელიც 333 პერსონაზეა გათვლილი და თავის მხრივ ორ სექტორად იყოფა: VIP1 და VIP2. ადგილებს შორის გამოყოფილია რამდენიმე სივრცე მედიისთვის, საიდანაც ოპერატორები საუკეთესო რაკურსით გადაიღებენ სცენას.

Black Sea Arena ნებისმერი სახის ღონისძიებისთვის მოსახერხებელია. აქ გაიმართება სპორტული აქტივობები, კრივი, ფიგურული სრიალი და ასევე ჭიდაობის სხვადასხვა სახეობა. გარდა ამისა, ხელმძღვანელობა მზადაა განიხილოს პრომოუტერების ნებისმიერი წინადადება, აგრეთვე, დახმარებას გაუწევენ ახალგაზრდა პრომოუტერებსაც.

რატომ მაინცდამაინც შეკვეთილში? ამ კითხვაზე „ფორტუნას“, არენის დირექტორმა, დიმიტრი ბერიძემ უპასუხა: „შავი ზღვის სანაპირო ზოლი საქართველოში არცთუ ისე დიდია. მაშინ, როცა ბათუმი და ქობულეთი გადატვირთულია, აუთვისებელი რჩება სხვა ტერიტორიები. არენა შეკვეთილის ტურისტულ განვითარებას ემსახურება. მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში Black Sea Arena-ს ირგვლივ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი გაშენდება. ეს საუკუნის პროექტია!“

შეგახსენებთ, არენას პროექტს საფუძველი ჯერ კიდევ 2007 წელს ჩაეყარა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომმა პროექტის დროებით შეჩერება გამოიწვია. მშენებლობა 2011 წლიდან განახლდა და არენა ივლისში გრანდიოზული კონცერტით გაიხსნება. ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ცნობილ უცხოელ შემსრულებელთან, თუმცა მოლაპარაკებების დასრულებამდე მათი ვინაობა არ სახელდება.

ნიკა კუხალეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g