Tbilisi Pride ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოითხოვს სათანადო ზომების მიღებას, როგორც სახალხო დამცველის, სამოქალაქო, ასევე, პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ეფექტური გამოძიებისთვისა და მომავალში მსგავსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისათვის.
„ტკივილმა და მწუხარებამ მთელი გუნდი დაგვამუნჯა. ჩვენთვის უმძიმესია ის საზარელი ფაქტი, რომ ფაშისტური კანონის მიღების მეორე დღეს კესარია აბრამიძე სასტიკად მოკლეს.
თავზარდამცემია, რომ კესარიას მკვლელობის დამამძიმებელი გარემოებები როგორც ტრანსფობიას, ასევე ფემიციდს უკავშირდება. შემაძრწუნებელია გარემო, სადაც პოლიტიკურად ნაწარმოებ სისტემურ სიძულვილს ადამიანის ერთადერთი, უნიკალური, უძვირფასესი სიცოცხლე ეწირება.
„18 თუ 19 წლის იქნებოდა, როდესაც გავიცანი… მისი პოზა, თვითირონია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება, ყველას ქედმაღლობა ეგონა – არავინ იცოდა, სინამდვილეში რამდენ რამეს იტანდა, რომ ყოფილიყო ისეთი სიოსავით მსუბუქი, როგორიც ჩანდა“ – პაატა საბელაშვილი
„არ ვიცი რამდენი ადამიანი უნდა დაიბადოს იმისათვის, რომ კესისნაირი გოგო გამოერიოს მათში. არ ვიცი რამდენი უნდა იშრომოს ადამიანმა, რომ მივიდეს იქამდე, სადამდეც კესარია მივიდა.“
კესარია ჩვენი თანამოქალაქე და ჩვენი დიდი ოჯახის – ქვიარ თემის – წევრი იყო. ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, თავისი ოცნებებითა და შიშებით, სიხარულითა და ტკივილით. კესარიასთან გვაერთიანებდა უმთავრესი – თავისუფლების სიყვარული და სიცოცხლის წყურვილი.
რომ არა სიძულვილი, რომელიც სახელმწიფომ ჯერ წაახალისა, შემდეგ კი დააკანონა, კესარიას კიდევ დიდხანს უნდა ეცხოვრა. მადლობას ვუხდით ამ გასაოცარ ქალს, რომ თავისი შეუპოვრობითა და არდანებების მაგალითით მრავალი ჩაგრულისთვის გაუკვალავს გადარჩენისა და განვითარების გზა.
დღეს საქართველოში ჩვენი თემის ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, იმის შიშში არსებობაა, ვისი გამოგლოვა მოგვიწევს შემდეგ, ან თავად ჩვენ ხომ არ ვიქნებით შემდეგი. სისტემურად ნაწარმოები სიძულვილი არსად მიდის და საბოლოოდ ყოველთვის ძალადობაში ითარგმნება, ჩვენს სხეულებზე ტოვებს კვალს.
სახელმწიფოსა და მოძალადეების ჰარმონიულ თანამშრომლობას მივყავართ ასეთ სავალალო შედეგებამდე. ამის თანაშემოქმედი და წამხალისებელი რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას.
მოვითხოვთ სათანადო ზომების მიღებას სახალხო დამცველის, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან. მოვითხოვთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების პროცესში ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ეფექტური გამოძიებისთვისა და მომავალში მსგავსი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღკვეთისათვის.
კესარიას ნათელი ხსოვნის პატივსაცემად და სხვა ქვიარ ადამიანების გადასარჩენად, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის ადამიანი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელსაც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავთ. ყველას, ვისაც აქვს რაიმე ბერკეტი, ჩაებას სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ რეაგირებას.
რადგან კესარია ფაშისტურმა პოლიტიკამ შეიწირა, ჩვენ სოლიდარობის პოლიტიკას უნდა დავუჭიროთ მხარი. ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში აღარასოდეს, არც ერთმა ხელისუფლებამ აღარ გაბედოს ადამიანების სიცოცხლით თამაში”, – ნათქვამია Tbilisi Pride-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.
რას აცხადებს კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: „დუმილის უფლებას იყენებს…“
ტკივილმა და მწუხარებამ მთელი გუნდი დაგვამუნჯა. ჩვენთვის უმძიმესია ის საზარელი ფაქტი, რომ ფაშისტური კანონის მიღების მეორე…
Posted by Tbilisi Pride on ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024