LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდეგ სერიაშიც გახარიას ვიხილავთ? ივანიშვილი-პრემიერის დაპირისპირება თუ ფანტაზია

365
გახარია

დღეს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პოსტს ტოვებს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, გუშინ ბიძინა ივანიშვილისა და გახარიას შეხვედრა შედგა. აღნიშნულ შეხვედრაზე ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო. 

გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, „გავრილოვის ღამის“ ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.

თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციაში არ სახელდება მიზეზი, რატომ მოითხოვა ივანიშვილმა მისი გადადგომა, ან რატომ არ უნდა იყოს პრემიერი პოსტზე 20 ივნისის წლისთავზე, მაშინ, როცა ის სწორედ „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დააწინაურეს. ერთი წლის წინ ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

ეს თემა გავრცელებულ ინფორმაციაში გაურკვეველი რჩება.

თუმცა, ახალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა სახელდება – სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

კანცელარიაში აცხადებენ, რომ პრემიერი შენობაშია და სამუშაო შეხვედრებს მართავს. 

გავრცელებულ ინფორმაციაზე მმართველ გუნდში კომენტარები გაკეთდა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობა არ დაუტოვებია.

კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ საუბარი „ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად“ ხდება.

კითხვაზე, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თუ არა გახარიას პრემიერობის გარეშე, ვოლსკი პასუხობს, რომ თუ რა პირობებში ჩაატარებს „ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებს, ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა.

ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც დღეს პარლამენტში იხილება. საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებებზე „ნაცმოძრაობის” პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც ფული ჩვენ ბიუჯეტიდან უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, წლის განმავლობაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრემიერი მიდის, მის შემცვლელად ხშირად სახელდებოდა სუს-ის უფროსი გიორგი ლილუაშვილი. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახეთ, კანდიდატთა რიცხვი გაიზარდა.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდებოდა. ხელისუფლება ამბობდა, რომ ოპოზიციის ფანტაზიებს საზღვარი არ ჰქონდა.

თავად გახარია მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ამბავს, ყოველთვის იუმორით ხვდებოდა. 

დაელოდეთ, რა მოხდება შემდეგ სერიაში… ამბობდა პრემიერი. ამ დრომდე შემდეგ სერიაში ყოველთვის გახარიას ვხედავდით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g