LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ კიდევ არსებობს” – ჯო ბაიდენი და ოლაფ შოლცი აცხადებენ, რომ რუსეთმა დეესკალაციისკენ რეალური ნაბიჯი უნდა გადადგას

102
11

აშშ-ის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი თანხმდებიან, რომ უკრაინაში არსებული ვითარება კვლავ “ძალიან სერიოზულია” და  რუსეთის სამხედრო აგრესიის რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა რუსეთ-უკრაინის კრიზისზე გუშინ, სატელეფონო საუბრის დროს იმსჯელეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის მახლობლად და ხაზი გაუსვეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მნიშვნელობას მოსკოვის შემოჭრის შემთხვევაში.

აშშ-ისა და გერმანიის ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთს უკრაინის საზღვრიდან შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ გაუყვანია და კრემლმა რეალური ნაბიჯი უნდა გადადგას დეესკალაციისკენ.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ქვეყნების ლიდერებმა ასევე განიხილეს მათი საუბრები ვლადიმერ პუტინთან და ვლადიმერ ზელენსკისთან რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებზე სამხედრო მობილიზებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულები რჩებიან.

ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ მნიშვნელოვანია მინსკის შეთანხმების რეალიზაციაში წინსვლა.

დასავლეთის მოწოდებების პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ, მისი ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან.

ორი დღის წინ რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა წვრთნები დაასრულეს და ბაზებში სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაბრუნებას იწყებდნენ.

გუშინ კი ინფორმაცია გავრცელდა ქვედანაყოფების მიერ ყირიმის დატოვების შესახებ. 

რუსეთის ამ განცხადებების მიუხედავად, დღეს დასავლური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

CNN- ის ცნობით, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, მიუხედავად მოსკოვის მტკიცებისა, რომ ტერიტორიებიდან ჯარი გაჰყავს, პირიქით, ბოლო დღეებში უკრაინის საზღვრებთან რუსულ დანაყოფებს კიდევ 7 000 ჯარისკაცი შეემატა. 

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დანაყოფების ასეთი ზრდა აბათილებს რუსეთის მტკიცებას ჯარის გაყვანის შესახებ და აფრთხილებს პუტინს – არ იცრუოს საერთაშორისო დიპლომატიის მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები