ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნარკოტიკული საშუალებები არ გამოიყენონ. აკაკი ზოიძე ამბობს, რომ შემოსულია უცნობი ნივთიერება, რომელიც სწრაფად კლავს.
“მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ყველას, რომ არ მოიხმაროთ ნარკოტიკული საშუალებები. ეს უნდა იყოს ძირითადი გზავნილი ამ ეტაპზე. ნარკოტიკი კლავს და სამწუხაროდ, დღეს, როდესაც ჯერ კიდევ უცნობი ნივთიერებაა შემოსული, კლავს ძალიან ჩქარა, არა წლების შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. ეს არის დიდი ტრაგედია და უზარმაზარი პრობლემა, რაც მსოფლიოს აქვს დღეს. არის ათიათასობით სიკვდილი დაკავშირებული ამ ნარკოტიკებთან. ეს პრეპარატები ვრცელდება სხვადასხვა დასახელებებით, სხვადასხვა საფარველქვეშ. არ გამოიყენოთ ნარკოტიკული საშუალებები,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის რეფორმა, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. აკაკი ზოიძის განმარტებით, აუცილებელია საბოლოოდ ჩამოყალიბება ამ კანონზე. მისივე თქმით, რეფორმაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.