რამდენიმე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სამ დიდ კერას ებრძვიან, რომლებიც ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებით გაჩნდა და გავრცელდა. ამ დღეების განმავლობაში იყო ძალიან ბევრი პატარა-პატარა ხანძრები, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ადგილას ჩნდებოდა და მათ შორის, დედაქალაქშიც და კიდევ ერთი დიდი ხანძარი ატენის ხეობაში, რომელსაც მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.
ზაფხულობით ხანძრები, განსაკუთრებით ტყიან დასასვენებელ ადგილებში, უცხო არ არის, რადგან ამისთვის, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბევრი ფაქტორი არსებობს, დაწყებული ხალხმრავლობით და მათი დაუდევრობით და დამთავრებული ზაფხულის მაღალი ტემპერატურით. მაგრამ ეს ხანძრები, რაც ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით და ზოგიც კიდევ ერთდროულად ჩნდება, საკმაოდ მიუვალ ადგილებშია, სადაც ნაკლები ხალხია ან არატურისტული ზონებია. არც ჰაერის ტემპერატურაა ისეთი მაღალი, სხვა დროს რომ არ ყოფილა.
ამიტომაც, საზოგადოება ბოლო დღეებში იმაზე გაცილებით მეტს ლაპარაკობს, თუ რა არის ამ ხანძრების გამომწვევი მიზეზი, ვიდრე იმაზე, რომ ხელისუფლებამ რაღაც ისე ვერ გააკეთა ხანძრის დროულად ჩასაქრობად, როგორც შეიძლებოდა. თუმცა, ცხადია, ეს კითხვებიც არსებობს.
ბოლო დღეების ხანძრების სტატისტიკა
თბილისი, დიდ დიღომი, 1000 კვ.მ – 7.08.2017
თბილისი, მთაწმინდა, 1500 კვ.მ – 8.08.2017.
ახალციხე, სხვილისთან, 2500 კვ. მ. – 14.08.2017.
შიდა ქართლი, გორის ციხესთან, 2000 კვ.მ – 17.08.2017.
ბორჯომის ხეობა, 50-60 ჰექტარი (სავარაუდოდ) – 20.08.2017.
თბილისი, დიღომი, 5000 კვ.მ. – 21.08.2017.
დუშეთი, თვალივთან, 2 ჰექტარი – 21.08.2017.
ატენის ხეობა, ბოშურთან 2 ჰექტარი – 22.08.2017.
თბილისი, გლდანი, 1000 კვ.მ. – 22.08.2017.
თბილისი, ვარკეთილი, 1000 კვ.მ – 23.08.2017.
ქვემო ქართლი, ფონიჭალასთან, 500 კვ.მ – 23.08.2017.
ლაგოდეხი, 500 კვ.მ – 23.08.2017.
ხევსურეთი, ანდოქთან, 1 ჰექტარი – 23.08.2017.
მცხეთა, წეროვანთან, 2500 კვ. მ. – 23.08.2017.
დედოფლისწყარო, 20 ჰექტარი – 23.08.2017.
ლაგოდეხი, 2 ჰექტარი – 24.08/2017.
ხანძრის მიზეზები – შესაძლო ვერსიები
ზოგადად ხანძრის გამომწვევ ვერსიად, როგორც წესი, ორი მიმართულებით სახელდება. ერთია დაუდევრობა და ხელშემწყობი ფაქტორები, როგორიც არის სიცხე, ქარი და ა.შ. და მეორე, ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენა. ეს მეორე მიმართულება ფართოა და ბევრ ფაქტორს მოიცავს იმის მიხედვით, თუ რა არის ხელოვნურად გაჩენის მოტივი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცალკე აღებულ ბორჯომის ხეობის ხანძარზე თუ ვისაუბრებთ, ორივე მიმართულების ვერსიები სახელდება. დაუდევრობაც და მიზანმიმართულიც, ძირითადად კი მოჭრილი ხეების კვალის დაფარვისთვის. თუმცა, ცხადია, ესაც ჯერჯერობით მხოლოდ ვერსიაა. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხანძრები ამ დღეებში ერთმანეთის მიყოლებით და ზოგი ერთდროულად ჩნდება, ცხადია, უფრო ძლიერდება მიზანმიმართულად გაჩენის ეჭვი, რომლის მიზანიც დივერსიაა.
დივერსია და დივერსიის მოტივი
დივერსიის ვერსია ყველაზე აქტიურად განიხილება და ამას თავად ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულმა კომენტარებმაც შეუწყო ხელი. შს მინისტრმაც კი თქვა, რომ ყველა ვერსიაზე მუშაობენ და მათ შორის დივერსიაზე. შემდეგ კი ისიც გახდა ცნობილი, რომ ბორჯომში ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია.
ოთხშაბათს ნახანძრალ ხეობაში ადგილობრივებმა იპოვეს ბენზინის ოცლიტრიანი ბიდონებიც, რამაც მათ გაუმყარა ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები სატესტო დივერსიის მოწყობას ცდილობდნენ.
ეს მხოლოდ ვერსიაა და დადასტურებით არაფრის თქმა შეიძლება. თუმცა ის, რომ შეიძლება, მეზობელი სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლებას ცდიდეს, მის უნარებსა და შესაძლებლობებს აფასებდეს, ექსპერტების აზრით, ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ასევე შესაძლოა, ეს იყოს მოსახლეობაში პანიკის დათესვის მცდელობაც.
„ამდენი დამთხვევა ნამდვილად საეჭვო ხდება. დივერსიას ჰგავს. სჩვევია რუსეთის სამხედრო დაზვერვას მსგავსი დივერსია, მისი ხელწერა და სტილია. 2008 წელს ომის დროს ხანძარი ალაგ-ალაგ თბილისშიც გაჩნდა. უკვე გასაგებია, რას აკეთებდნენ. როგორც ჩანს, ადგილობრივმა აგენტურამ გააკეთა მაშინ. ახლა კი ან ადგილობრივი აგენტურა ან პირდაპირ რუსები შვრებიან, რომლებიც შემოდიან ტურისტების სახით. დატესტეს რამდენადაა საქართველოს სახელმწიფო მზად მსგავსი შემოტევის მოსაგერიებლად. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად მზად არ ვართ. ვთქვათ, თუ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს, დაიწყებს ჯერ მსგავსი რაღაცებით სიტუაციას აურევს და მერე ყველაფერი ძალიან გაუიოლდება,“ – აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.
გარდა ამისა, ის გახშირებული და მოულოდნელი ხანძრების გამო, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, გააძლიეროს სპეცსამსახურების მუშაობა და უფრო კოორდინირებული გეგმით ებრძოლოს რუსეთის აგენტურას და დივერსიულ ქმედებებს.
საინტერესოა, რომ ხელისუფლებაშიც ღიად საუბრობენ კონკრეტულად დივერსიის და გარეშე ძალების მიერ მართულ პროცესებზე. თანაც ამაზე ღიად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი საუბრობს.
„ნებისმიერი ცალკე აღებული ფაქტი არის საფუძველი, რომ დაიწყოს გამოძიება. ჩემი აზრით, ამ ყველაფერმა საკმაოდ ინტენსიური სახე მიიღო და მართულ პროცესებს ემგვანება. ჩემი პოზიცია არის ის, რომ უნდა ჩატარდეს მოკვლევა და გამოძიება,“ – განუცხადა კობა კობალაძემ „ფორტუნას“.
უსაფრთხოების პოლიტიკა და საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა
თუკი დივერსიის ვერსიას აქვს საფუძველი და, როგორც ჩანს, აქვს, რადგან თავად ხელისუფლებაში აკეთებენ ამაზე აქცენტს, ლოგიკურად დგება საკითხი, თუ რამდენად არის ქვეყნის უსაფრთხოება დაცული.
კრიზისების სამსახურის ხელმძღვანელმა, როდესაც ხანძარი პიკში იყო, განაცხადა, რომ მისი სამსახური „კანონით გათვალისწინებულ დროს“ ჩაერთო პროცესში, რამაც ოპონენტების კრიტიკა გამოიწვია ძალიან ბევრი ფაქტორის გამო. არადა, ამ სამსახურის დებულებაში სწორედ ის წერია, რომ კრიზისული სიტუაციის პრევენცია ანუ თავიდან აცილება და მოგვარება ევალება.
დივერსიის ვერსია, რაც დღეს ყველაზე აქტიურად განიხილება, სწორედ პრევენციის რიგის საკითხს უკავშირდება და რეალური კითხვებიც ამასთან დაკავშირებით არსებობს, რამდენად ქმედითია, ერთი მხრივ, ეს ორგანო და, მეორე მხრივ, ძალოვანი უწყებები.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა რურუა, „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დივერსიის შესაძლებლობა ლოგიკურია, ეს მაინც არ ანეიტრალებს ხელისუფლების უუნარობას და მოუმზადებლობას მსგავსი შემთხვევების დროს.
„არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი დახვდა ამ ხანძარს. რეაგირება დააგვიანა, სანამ კერა იყო ერთი და პატარა. სამი დღის წინ შესაძლებელი იყო, ამხელა ზარალი არ გვქონოდა. მობილიზაცია და რეაგირება უნდა ყოფილიყო დროზე. როცა გადაიწვა ყველაფერი, მერე დაიწყეს აქეთ-იქით და მეზობელ ქვეყნებში თხოვნის გაგზავნები. ეს უნდა გაეკეთებინათ ადრე. დივერსია იყო თუ არა, ძალიან მოუმზადებლები დახვდნენ. საქართველო რომ ჰიბრიდული ომის სამიზნეა რუსეთის მხრიდან, ამას დიდი ხანია, ვიმეორებთ, მაგრამ სირაქლემასავით ქვიშაში თავი აქვთ ჩარგული. ამას ხელისუფლება შეგნებულად არ აკეთებს იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობას ათბობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების დაუდევრობის ბრალი. მტერი უნდა დაინახო, რომ მტერია იმისთვის, რომ შემდეგ მისგან თავდაცვა შეძლო და ამას არ აკეთებს ხელისუფლება შეგნებულად,“ – აღნიშნა რურუამ.
მმართველ გუნდში კი ოპონენტების კრიტიკას კრიტიკითვე პასუხობენ და აცხადებენ, ნებისმიერი მსგავსი ფაქტებისას ნომერ პირველი ვერსია არის დივერსია, რომელსაც მოქალაქეებში აზრის ჩამოსაყალიბებლად ავრცელებენ.
ენმ-ის მხრიდან კი უკვე გაკეთდა განცხადება, რომ საკითხის შესასწავლად პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც შეისწავლის, როგორც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, რაც დივერსიის ვერსიასაც მოიცავს და ასევე ხელისუფლების ქმედებების ადეკვატურობას. თუმცა, რამდენად დათანხმდება მმართველი გუნდი ამას, რომლის თანხმობის გარეშეც ეს კომისია ვერ შეიქმნება, ძნელი სათქმელია. ფაქტი ის არის, რომ აქამდე ასეთი კომისიის შექმნას არც ერთ გახმაურებულ საქმეზე არ დათანხმდა.
ქეთი გიგოლაშვილი