შატილის გზაზე მომხდარ საშინელ ტრაგედიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიცია, უბრალო ხალხი შეძრულია ტრაგედიის მასშტაბით და სამძიმარს გამოთქვამს. სოციალურ ქსელში სამძიმარი დაწერა და პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა:
“ჩემი და ჩვენი გუნდის – “მოქალაქეები” სახელით ვუსამძირებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყველანი შემზარავი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია. შემზარავი ქვეყანა გავხდით, მერამდენე მსგავსი შემთხვევა უნდა მოხდეს, როდემდე შეიძლება ერთიდაიგივე გრძელდებოდეს? თუ რამე უნდა გამკაცრდეს, პირველ რიგში, გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციებია და თავად გზებიც უნდა მოწესრიგდეს. სულ რამდენიმე ასეთი ღირსშესანიშნავი ადგილი გვაქვს – დუშეთი და ხევსურეთი, სადაც ყოველთვის ხდება მსგავსი შემთხვევები, ე.ი. უნდა დავარისხოთ ზარები და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის გზები გზებს დაემსგავსოს. როდემდე უნდა ვიყოთ მსგავსი ფაქტებით შეძრულები და ვითვლიდეთ გარდაცვლილებს გზებზე” , – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 მძიმედ დაშავდა და მათი მდგომარეობა კრიტიკულია.