LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შექმენით სამართლიანი პოლიტიკურ გარემო“ – ახლადშექმნილი პარტიების მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

70
ახლადშექმნილი პარტიები

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარის, ანა დოლიძის ინიციატივით, ახალდაარსებულმა პარტიებმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან ბრიფინგი გამართეს და პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან შეხვედრა მოითხოვეს.

როგორც „ხალხის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, დღეს საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს, თუმცა, ახლადშექმნილი პარტიების მიმართ კანონმდებლობა კვლავაც დისკრიმინაციულია.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ადგილობრივ არჩევნებში, ახლადაარსებულმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ, მათ ერთი კვირის ვადაში 25000 ხელმოწერის შეგროვება უწევთ, მაშინ, როდესაც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტში  შევიდნენ, მხოლოდ 5 ათას ხელმოწერას აგროვებდნენ.

„საარჩევნო კანონმდებლობაში ახლადშექმნილი პარტიების მიმართ ასევე ბევრი სხვა ხელოვნური ბარიერი რჩება. არადა ხალხის დაკვეთა არის ახალი პოლიტიკური პარტიების ძალების შემოსვლა.

მივმართავთ პარლამენტის სპიკერს – კახა კუჭავას, რომ შეგვხვდეს, რათა საარჩევნო კანონმდებლობა დაუყოვნებლივ და უსწრაფესად შეიცვალოს და ახალ პარტიებს  არჩევნებში მონაწილეობის მიღება სამართლიან პოლიტიკურ გარემოში მიეცეს,“  – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ.

პარტია „ალტერნატივას“ თავმჯდომარის ალექსანდრე გიორგიძის შეფასებით კი, საქართველოს ისტორიაში დადგა მომენტი, როდესაც ხალხს ერთი და იგივე სახეების ყურება მობეზრდა.

მისი თქმით, ბოლო 30 წელს რომ თვალი გადავავლოთ, სხვადასხვა პარტიებში რეალურად ერთი და იგივე ადამიანები ბრუნავენ და პარლამენტშიც ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ. რეალური დაკვეთა კი ახალ ძალებსა და ახალ სახეებზეა, რაც გიორგაძის სიტყვებით, ბევრმა კვლევამ დაადასტურა.

„სახელმწიფოში არის ხელოვნური ბარიერი, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშეების შემოსვლას ხელი შეუშალოს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ განცხადებას  გამოხმაურება ექნება და ის პირობები, რომლებიც რეალურად ჩვენ, ახლადშექმნილ სუბიექტებს გვაქვს, გადაწყდება დადებითად და ყველანი თანაბარ პირობებში  ვიქნებით,“ – აღნიშნა პარტია „ალტერნატივას“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე გიორგიძემ.

„ძალიან კარგად მესმის არსებული პოლიტიკური ფაქტი. ძველ პარტიებს არ უნდათ ახალი პარტიების წარმოჩენა და მათი ხელშეწყობა, რადგან ბიუჯეტი გადანაწილებულია, გადანაწილებულია სატელევიზიო ეთერები, რომლებსაც კვალიფიციურობის შემთხვევაში პარტიები იღებენ.

თუმცა, ძალიან კარგად იციან, რომ  მათი დრო დიდი ხანია წასულია და საზოგადოებას დაკვეთა ახალ ძალებზე აქვს, რომლებსაც არა აქვთ ბნელი წარსული და ვერაფერს წამოაძახებენ,“ – განაცხადა „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვაბზირიძემ.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „ხალხისთვის“,  „ალტერნატივა,“ „რეფორმატორები,“ „პროგრესული საქართველო,“ „ერი და სახელმწიფო.“

 

 

 

 

 

 

mazda magti 5g